ბავშვობაში ფრჩხილებში
სულ ქვიშა მქონდა კარგად გამჯდარი. გათენდებოდა თუ არა ჩავრბოდით ეზოში და ორმოს ვთხრიდით
ბავშვები. ყველას თავისი ორმო ქონდა, აბა გაგებედა და რომელიმეს ორმოდან ამოგეღო რამე,
დაუწერელი კანონი იყო: ხელები მხოლოდ შენ ორმოში... დღის ბოლომდე ვისიც ყველაზე დიდი ორმო
იქნებოდა, ის იყო გამარჯვებული,
მაგრამ თუ შენი ნაპოვნი ნივთები სხვისას აჯობებდა, მაშინ შენ იგებდი.
უცნაური გასართობი
იყო, მაგრამ ძალიან აზარტული. პირველი
ნაპოვნი ნივთი ყოველთვის უმიშვნელო იყო. ან გატეხილი თოფის ნაწილი, ან სათამაშოს ხელი.
აი, რაც უფრო ღრმა შრეებში თხრიდი, მით უფრო რთული ხდებოდა, თუმცა, მით უფრო საინტერესო ნივთებს
პოულობდი. გასაღები,ბოთლი, ბეჭედი, კულონი. ჩემი გათხრების მანძილზე უამრავი მოურგებელი
გასაღები ვიპოვე, გატეხილი ნივთი და მონეტა.
ასე რვა საათისთვის,
როცა უკვე ბნელდებოდა, ყველა თავის ორმოს ამოავსებდა, ცოტა დანანებით ხელებით შემოასწორებდა
და შემდეგ ფეხებით დატკეპნიდა. მეორე დღეს იგივე ორმოს არავინ უბრუნდებოდა. მახსოვს,
როგორ დამწყდა გული, როცა ვერაფრით ამოვიღე
ნივთი, რომლის ნახევარიც ჩანდა. ხელები დამეღალა, მომბეზრდა ფესვებთან ჭიდაობა და დავთმე.
მიწა დავაყარე, ავდექი, ჩამოვიფერთხე ტანსაცმელი და გადავუარე . სულ მეგონა რომ სკივრი იყო,
რომელშიც ასევე საინტერესო რაღაცეები იქნებოდა.
საკმაოდ პატარა
ტერიტორიაზე, საოცარია, რამდენი ნივთი იმალებოდა.ნაპოვნ ნივთებს ქილებში ვაგროვებდით
და ვხუფავდით.ასეთი ქილები დღემდე დგას ჩემ სარდაფში მურაბების გვერდზე.
ვფიქრობ, აქედან დაიწყო ჩემი უცნაური ჰობი.
დავდიოდი ეზოებში და მიწაში ნივთებს ვმალავდი. ასე გაუჩინარდა სახლიდან ბაბუაჩემის მედალი, ყოფილი
შეყვარებულის ნაჩუქარი პატარა დათვი, ბლოკნოტის გასაღები, ლაზერი, ჯიბის ლექსიკონი
და სხვა.
ერთხელ უცნაური
სიზმარი დამესიზმრა. მაშინ, როცა ბავშვობა კაი ხანია უკან მომეტოვებინა.