შეიძლება ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ როცა დავბერდები (თუ თქვენც არ დაბერდებით და სკლეროზი არ შემოგიტევთ) შემახსენეთ, რომ შვილთაშვილის წინაშე რძეში დალბობილი მჭადი არ ვჭამო. მითუმეტეს ვიცი, რომ ჩემი შვილთაშვილი ჩემზე ათჯერ ( და არა 9ჯერ) უფრო მაწაკი და არაადამიანი იქნება.
ჰო.
დღეს აღმოვაჩინე, რომ სრულიად (ანდა ჩიტივით) თავისუფალი ვარ მეც და ბლოგს მოვადექი. აქ თაკომეს პოსტი დამხვდა და ცოტა არ იყოს შემრცხვა, მართალია, დღეს დაწერა ყველაფრისგან დამოუკიდებელმა ფაქტირებმა გადამაწყვეტინა, მაგრამ მაინც შემრცხვა, ისე ჩემთვის.. ანაზდად...
აღმოჩნდა,რომ ჩემი ბოლო ნაწერიდან 1 თვე გავიდა...
ისიც აღმოჩნდა, რომ სამწუხარო რაღაცაზე დამიწერია და ესე სევდიან ნოტზე მქონია ჩემი მოღვაწეობა დასრულებული (ნუ ამ დრომდე)...
ა ს ე , რ ო მ .
ფიბი. თავი ხელში აიყვანე და ხელში თავი ჩაიდე და წერას შეუდექი.
ჯერ ვერ ვირგებ იმ ფაქტს,რომ ვისვენებ, ჯერესერთი ეს ზაფხული ისე გაიწელა,როგორც ყველი გავარვარებულ პიცაში და თანაც გაიწელა მარტო დაღლის მხრივ. ორი დღეა მხოლოდ, რაც "დასვენება" დავიწყე და თქვენით წარმოიდგინეთ რას ვგრძნობ,როცა ვიცი,რომ სწავლა 17 სექტემბერს მეწყება. ალბათ წარმოიდგინეთ, როგორ არ მერგება ზაფხული და თითოეული დაკარგული წუთი როგორ მენანება ხომ? და თქვენ მართალი ხართ. და თქვენ მოიგეთ წარმოსახვითი ავტომობილი. ოღონდ გაპრიალებულ-გაწკრიალებული არა, აი ისეთი ფურგონი... ჰიპებს რომ ჰყავდათ, მოხატული და მხიარული. აჰ! რას ქვია არ გინდათ?!
მე ვითომდა კარგ ხასიათზე ვარ. არადა ჩემი სახე,რომ განახათ (და ბედნიერი ვარ,რომ ვერ ხედავთ), სულ სხვა შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ და იმ შთაბეჭდილების ამარა რომ იქნებოდით მე ისევ იმ წარმოსახვით ფურგონს შემოგაჩეჩებდით, გადაგკოცნიდით და ჩქვენთან ხელჩამორჩმეული გადავიღებდი სურათს. რა თქმა უნდა გაღიმებული.
ერთი თვის ტაიმ-აუტმა ჩემში ფსევდო მწერალი და უნიათო კლოუნი გააღვიძა და რაღაც სისულელეებს მივედ-მოვედები.
ბათუმს მხოლოდ 4 დღე მაშორებს და სულ ისე მახსენდება პატარაობაში რომ ვითვლიდი ხოლმე...
რო დაღამდება და რო გათენდება, რო დაღამდება და რო გათენდება, რო დაღამდება და რო გათენდება, რო დაღამდება და რო გათენდება, დაღამდება დაა ჩავსკუპდები მატარებელში და გათენდება და მატარებლის ფანჯრიდან ზღვას დავინახავ (ეს ყველაზე ამაღელვებელი მომენტია ჩემთვის) მოგვიანებით კი უკვე თბილ ტალღებზე ანანავებული გავიღიმებ და თუ მწვანე კონცხზე ვიქნები, მაშინ იქვე ჩავლილ მატარებელს ხელს დავუქნევ და იმისი მგზავრების მაგივრადაც დამწყდება გული. შევეცდები დავივიწყო,რომ ზღვაზე ჩემი ყოფნის დროც უხილავ ქვიშის საათზე ითვლის წუთებს და წამებს და შევეცდები რაც შეიძლება ღრმად ჩავყვინთო.
მუდამ ზღვამონატრებული fიბი
No comments:
Post a Comment