Saturday, September 1, 2012

დელფინები (გაოცებისგან ყბაჩამოვარდნილი ფიბის დღიურებიდან)


      იმას გეუბნებოდით გუშინ იღბლიანი ვიყავი მეთქი.
ბილეთები ავიღეთ და სულმოუთქმელად ველოდებოდით 9 საათს, დღე იწელებოდა და ისედაც რაღაცნაირი გრილი და სადა იყო... ასეთი დღე საწოლში უნდა გაატარო კაკაოსჭიქაჩახუტებულმა და წიგნი იკითხო, რთულია ასეთ დღეს სადმე გასვლა,მაგრამ...
     9 რომ შესრულდა დელფინარიუმში მოკალათებულმა, გუგებგაფართოვებულმა და პატარა ბავშვივით აღტკინებულმა, ტაშისცემისგან ხელებ-დაწითლებულ-აკანკალებულმა და კივილისგან ხმაჩახლეჩილმა, შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა და ოფიციალურად გადარეულმა ფიბიმ ჯერ კიდავ არ იცოდა,რომ სულ რამდნეიმე წუთში დელფინებს (fლიპერს და მონიკას) მოეფერებოდა, ეთამაშებოდა, აკოცებდა კიდეც და შთაბეჭდილებით დარეტიანებული დაუბრუნდებოდა ტრიბუნაზე თავის ადგილს.
    ბავშვობიდან ვიცოდი,რომ დელფინები მიყვარდა. მართალია დელფინების სუვენირები არ მქონია და პლაკატებითაც არ მომიჭედავს ოთახი, მაგრამ მაინც მიყვარდა ყოველთვის. როგორ შეიძლება ესეთი სიკეთე არ გიყვარდეს?
   დელფინების დანახვა და სულის შეხუთვა ერთი იყო. თვალები შუბლზე ამივიდა და მგონი იქვე დარჩა. სამუდამოდ.
    ლეკვები.
    გაგეცინებათ და ლეკვები არიან ოღონდ წყალში და ოღონდ უფრო ჭკვიანები.
   იციან როგორი საოცარი არსებები არიან, იციან როგორ გირევენ გონებას დ ათავს იწონებენ, ყველაფერს აკეთებენ რომ უფრო და უფრო შეგეხუთოს სული აღტაცებისგან, უფრო როგორ მოიცვან შენი არსება და სამუდამოდ დაგამახსოვრონ თავი. დაილექონ შენ გონებაში და ბავშვობაში დაგაბრუნონ. დელფინთან დიდი და პატარა და საშუალო... ყველა ბავშვია. განურჩევლად სქესისა და ასაკისა, უყურებ და ხელისგულებს იწითლებ და ნერვები გეშლება რომ მიუხედავად შენი ძალისხმევისა, მაინც არ გამოდის იმხელა ხმა, რამხელასაც იმსახურებენ.
    ყველაზე სასიამოვნო კი ისაა,რომ თვითონ დელფინები უფრო დიდ სიამოვნებას იღებენ შენთან ურთიერთობით. ორმხრივი სიყვარულივითაა. რა შეიძლება ამაზე სასიამოვნო იყოს? ორმხრივი...ერთი ნახვით შეყვარება! (<<ამ სურათზე fლიპერია <3)
   "სცენაზე" ასულ და დაბნეულ ფიბის fლიპერმა და მონიკამ ალბათ როგორ დასცინეს. თავდაჯერებულები მიყურებდნენ თვალებში და აკვირდებოდნენ როგორ აურიეს კიდევ ერთ ადამიანს თავგზა. თვალს არ მაშორებდნენ და მელოდებოდნენ, "აბა რას გააკეთებს ეს სასაცილო ორფეხა?" "ნეტა ასე თავბრუდახვეული თუ ჩამოვარდება წყალში?" "ნეტა ამ ბურთს ისე მოისვრის,რომ მაყურებლებს მოარტყამს?" 
  ამ ყველაფრის მე გვარიანად მეშინოდა. ამ ეიფორიაში მყოფს რას მეუბნებოდა მწვრთნელი ზაალი ძლივს ვიგებდი (და ისიც იმ დელფინებივით კეთილი იყო) ...მითხრა ხელი წინ გაიშვირე და დაბზრიალდიო, ეს გავაკეთე და კინარამ წყალში გადავვარდი, fლიპერი და მონიკაც ამყვნენ და მიკვირს როგორ მეყო ძალა, რომ ბზრიალი შემეწყვიტა. (ეხლაც მგონია რომ ვბზრიალებ და ვბზრიალებ...)
   ჩემი დილეტანტურად ასროლილი რგოლი მონიკამ ცხვირზე ოსტატურად დაიბზრიალა და მომიცურა... თუ არ გავგიჟდებოდი არ მეგონა. 
   ბოლოს james blunt-ის goodbye my lover-ის ფონზე fლიპერს თავზე ხელები ვუსვი (შეიძლება ითქვას,რომ ვუფათურე კიდეც, ისე ვიყავი აღტკინებული) და ცხვირზე  ვაკოცე. მწვრთნელმა ჰკითხა მოგეწონაო და ამ წყლის ლეკვმაც თავი დაუქნია, მონუსხული ავხარხარდი. 
    არასდროს მიყვარდა დამშვიდობებები. ახლა ხომ საერთოდ გამიჭირდა "სცენის" უკან ფეხის გადგმა, მაგრამ (იქამდე დაკარგულმა) საღმა აზრმა ჩამჩურჩულა, რომ წასვლის დრო იყო და ემოციებისგან დაბუჟებულმა მივაშურე ჩემს 203-ე ადგილს.
     მეც მინდა ჩემი თავბრუდამხვევი,მხიარული, თბილი, გემრიელი, ტკბილი, უსასველოდ საყვარელი და უბრალოდ საოცარი დელფინი... მინდა.

                                                                         ფიბი

1 comment: