Wednesday, April 17, 2013

დღე,რომელიც არ ყოფილა

     აი თუნდაც იმიტომ,რომ არ მინდა და მორჩა. 

    დილა სასაცილო იყო, მართალია საწოლიდან ძლივს ავითრიე წელი, მაგრამ მაინც იმედიანად წავედი.
გასაუბრება გაიწელა. ერთი საათი ველოდეთ (ნამდვილად არ ვიცი რას,ან ვის...) გაცვლითი პროგრამა იყო, ყველა ტური გავიარე და აი უკვე ერთი ნაბიჯიღა მაკლდა. (სერთოდ, დავაკვირდი დ აყოველთვის ერთი ნაბიჯი მრჩება ხოლმე მიზნამდე და ის ერთი ნაბიჯი ვერცერთხელ ვერ გადავდგი... ეს ისე, ლირიკული გადახვევა).
     ვატყობ წერის "წუწუნის" მანერით ვაპირებ პოსტის გაგრძელებას და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, უგემოვნობის უწვრილეს, ფაქტობრივად ანორექსიით დაავადებულ ზღვარზე დავდივარ, ამინც არ მეყოფა ენერგია, ამაზე გემოვნებიანი რამე რომ დავწერო, ასე რომ...
ერთი საათი "კაფელის" იატაკზე დგომამ, გამოუძინებლობამ და სხვა ბავშვებისგან ჩუტყვავილასავით გადადებულმა ნერვიულობამ (არადა იქამდე, არ ვნერვიულობდი, სანამ პირველი წინადადება არ წარმოვთქვი და არ მივხვდი,რომ ინგლისური არ მახსოვს... გამჭვირვალე მარკერით დაჯღაბნილ სიტყვებს კინაღამ ჭერში როცა დავუწყე ძებნა...) "გამაბანძა".
      ბევრი რომ არ ვიბოდიალო, ყველანაირი გზა მოვიჭერი.
თუმცა არაფერს ვნანობ, არასდროს მიყვარდა ყველა ერთი და იმავე დაბეჯითებით რომ იმეორებს "მე იმიტომ ვჯობივარ სხვებს..." "მე ვარ დამოუკიდებელი"... ბლა ბლა ბლა... სისულელეა ეს ყველაფერი. ამაზე მარტო ის ფრაზა მახსენდება, სიმღერიდან,რომლის სახელიც არ მახსოვს ( სამაგიეროდ, მელოდია მახსოვს ). you're so special, just like everybody else....
     ვიცი, რომ ნამდვილად არაა საამაყო,როცა გაცვლითი პროგრამის გასაუბრებაზე, გამსაუბრებლებს შეეწინააღმდეგები და ისე გააბრაზებ,რომ ერთი თვალებს გადაატრიალებს ჰაერში და შენკენ აღარცკი გამოიხედავს (მითუმეტეს კაცი) და მეორეს კიდე ისე გაამწარებ,რომ მოთმინებას დააკარგვინებ და ისე ახტუნავდება სკამზე,როგორც ეული რწყილი მაწანწალა ძაღლის დანახვაზე... მაგრამ ფაქტი ისაა,რომ მიუხედავად დიიიდი გულდაწყვეტისა, რომ ლიტვას და უსაყვარლეს კაუნასს ვერ ვნახავ, მაინც კმაყოფილი ვარ, ერთადერთი რაც მწყინს ისაა,რომ არგუმენტები საკმარისად ვერ განვავრცე, თორე ისე არაფერს ვუჩივი. არ მიყვარს ხალხი სხვებს და მითუმეტეს თავის თავს ზედმეტად სერიოზულად რომ აფასებს. 

დანარჩენ დღეს რაც შეეხება, გარეთ ყინავდა. მუზეუმშიც მოვიწყინე, მაგრამ სამაგიეროდ ფეხები გამითბა. ხვალ და ზეგ რთული დღეები მაქვს, მაგრამ არ მიმეცადინია მაინც. ეხლა კი ერთი სული მაქვს როდის დავწვები წვიმის ხმას რომ მივაყურადო და ისე ჩამეძინოს ( იმედი მაქვს, სანამ  აბაზანიდან არ გამოვალ, წვიმა არ გადაიღებს :D )

მთელი დღე ერთი სურვილი დამყვებოდა ვყოფილიყავი სადმე "არათბილისში" და ეს აზრი ისე მათბობდა,რომ ცოტაც და საერთოდ გავითქვიფებოდი ჩემს ოცნებებში... მოჟამული ამინდი. სახლი ბუნებაში.თეთრი, ფუმფულა საწოლი წვიმის წვეთებით დაკაწრულ ფანჯარასთან და საწოლში მოკალათებული ჩემი "ტყუპისცალი". ამაზე მეტი არც დღეს და არც საერთოდ... არაფერი მდომებია.


                                                                          მარადჟამ ერთნაბიჯსმოკლებული fიბი

No comments:

Post a Comment