пятница, 5 октября 2012 г.

no surprises


    ჩემი ტყუპისცალი სამსახურში გალუმპული მივიდა. 3 საათი გავიდა მას მერე. უფრო მეტიც, მაგრამ ფეხები მაინც სველი და გაყინული აქვს, ხასიათიც დაუსველდა და ზის ყურებჩამოყრილი.
   დილით ორჯერ დაიქუხა. თბილ, ფუმფულა საბანში გახვეულმა ორჯერვე გამოვახილე თვალი, საბნიდან ამოვყავი ცხვირი, საათს შევხედე, გამიხარდა დღეს უნივერსიტეტში რომ არ ვარ წასასველი და ისევ ჩავყავი საბანში მოულოდნელად გაყინული ცხვირი.
    ჩემ ტყუპისცალს ნაკლებად გაუმართლა. არც საბანი აქვს და არც თბილი ფეხები.
    პატარაობაში სარკეში ჩახედვისას სულ მეგონა რო ვიღაც აი იქ, სადმე შორს ცხოვრობს და ის კი არაა ჩემი ანარეკლი, არამედ პირიქით. სარკეს ზურგს შევაქცევდი თუ არა, მეგონა,რომ იქიდან მაინც მიყურებდნენ.
    ეხლაც ეგეთი გრძნობა მეუფლება. გამუდმებით მგონია,რომ ჩემი ტყუპისცალი მიყურებს. აინტერესებს ყველაფერი და არ ეზარება ასე ყოფნა.
    თუმცა დღეს სენტიმენტალურ ხასიათზე გავიღვიძე, ჩემი ტყუპისცალი ალაგ-ალაგ იღრინება. მაგრამ ეს ყველაფერი ისე უხდება, როგორც პატარა ბავშვს თავისივე მსუქანი ფეხი უკიჭებო პირში.
    ბედნიერი ვარ.
   დილით ყავას ვთქვეფდი და პატარაობა გამახსენდა. და რატო მასმევდნენ ყავას პატარაობაში არ ვიცი, მაგრამ ეს ჩვევა (ყავის ათქვეფის) დღემდე გამომყვა, და ყოველთვის,როცა ერთმანეთზე შეწებებულ შაქრისა და ყავის გრანულებს ვუყურებ და სურნელი ნესტოებში მიღიტინებს, თითქოს ისევ ვპატარავდები და მახსენდება, რომ ყავას არც არავინ მასმევდა. სულ მიმალავდნენ და სულ ვპოულობდი.
      დღეს ისეთი დღეა სულ რომ საწოლში უნდა იწვე. საუნდთრეკად no surprises ისმოდეს,შენ კი ტუპისცალს ჩაეხუტო და კატასავით იკრუტუნო. შეეცადო საბანი რაც შეიძლება მაგრად შემოუკეცო გათოშილი ფეხები რომ გაუთბეს, იგრძნო როგორი შენიანია, როგორი რეალურია და დაგავიწყდეს,რომ მომენტებში შენი თავიც კი არარეალურად გეჩვენება. მაგრა მაგრა მიეკრა და იგრძნო რომ  ყოველთვის ერთ პლაცენტაში იყავით. ჩასახვიდან დღემდე და კიდევ ძალიან დიდ ხანს.


უცნაურად აღაღადებული fიბი
    

    
     

1 комментарий: