Saturday, January 26, 2013

უსახელო


  ეს ამბავი ერთი კონკურსისთვის "შევთხზი" მაგრამ ძაან გამიტაცა და 200 სიტყვის მაგივრად ბერვად მეტი დავწერე ამიტომ ვერ გავაგზავნე :) ხოდა გადავწყვიტე ბლოგზე დამედო ესეც ასე მისია შესრულებულია ....

     "დაუჯერებელია ეს ამბავი ასე მომხდარიყო. გაზაფხული ჯერ არ იყო ჩამთავრებული რომ სამსახურიდან გაანთავისუფლეს. მიზეზი მარტივი იყო, გულგრილობა.
   კობა მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა და თვითონ მე- 6 და თანაც, ამავდროულად, ერთადერთი ბიჭი იყო . ლოყები მუდამ შეფაკლული ჰქონდა, გეგონება დედის უჯრა ამოუქექავს და პუდრი უპოვნიაო. ყოველთვის იქ იყო სადაც არ უნდა ყოფილიყო, იქნებოდა ეს დის პაემანი, უბნის ჩხუბი თუ სხვა. კობა ყველაფერს ასწრებდა, ყველა კუნჭული შესწავლილი ჰქონდა და რაც ჯერ გამორჩენოდა მის თვალს მუდამ იმის ძიებაში იყო. კობას უფროსი დები იქამდე ჩაგრავდნენ, სანამ არ წამოყოჩდა და (აქაოდა) 17 წლის რომ გახდა და ღინღლებიც ამოუვიდა დებში თავი დაიმკვიდრა. განსაკუთრებით იაკო იყო მისი ყველაზე და. ის ერთი წლით იყო კობაზე დიდი, თუმცა ჭკუით ძმაც არ ჩამოუვარდებოდა.
   ჯერ იყო და კობა ზღვაზე დაუკითხავად წავიდა , გაიპარა, დედას უთხრა პურზე მივდივარო, თანაც ქვემოდან ამოძახა კიდეც კიტრიც ხო არ წამოვიღოო და ამ დროს ტაქსს აჩერებდა. რა ჯანდაბა  უნდოდა ზღვაზე ნოემბრის 18 რიცხვში მაშინ მიხვდა როცა იქ ჩავიდა და შეამცივნა.
  კობა არ იყო უცნაური ბავშვი და არც ისეთი ნიჭიერი ყოველ სუფრის გაშლაზე რომ 2 სადღეგრძელო ეთმობა.პატარაობიდან მხოლოდ იმით გამოირჩეოდა რომ ბიჭი იყო ამდენ ქარაფშუტაში.
   კობას თავიდანვე, სულ პატარაობიდანვე უნდოდა განსხვავებული ყოფილიყო ჯერ იყო და 19 წლისამ შარვალი ჩამოიფლითა და თმები კავკასიონის მთებივით დაგრიხა, მერე მობეზრდა ყოველდღიურად ჟელეს ხმარება და მარტო შარვლით შემოიფარგლებოდა . მაგ პერიოდში შეყვარებულიც გაიჩინა, ლონდა ერქვა. კობას არასდროს უკითხვას სადაური იყო ლონდა, თვითონ სახელიც კი არ მოსწონდა, ამიტომ ყოველთვის ლოს ეძახდა. ლონდა გამხდარი გოგო იყო ყოველთვის შორტები ეცვა ხოლმე და ლაპარაკს სულ ასე იწყებდა...“უი, ის გითხარი?“ მოსწონდა კობას ლონდა იმიტომ რომ უბნის ბიჭებს მოსწონდათ და კიდევ იმიტომ რომ გრძელი ფეხები ჰქონდა. თავიდან დიდად არ მოსდიოდა ეს გრძელი ფეხები თვალში, იმიტომ რომ ლონდა თუ ქუსლებზე იდგა  მზიან დღეს კობას  ჩრდილავდა, მაგრამ მერე შენიშნა ყველა გამვლელს რომ შურდა მისი და ...  20-ის რომ გახდა ლონდას დაშორდა, შეიძლება იმიტომ რომ იმ დღეს ლონდამ ფეხი მოიტეხა და თაბაშირში ჩაუსვეს, ასე უთხრეს, შეიძლება 1 წელი ვერ გაიაროო .. არა, დანამდვილებით ამიტომ დაშორდა ლონდას.
   კობა სულ ძიებაში იყო და ერთხანს რაღაც გაურკვეველი სექტის წევრიც გახდა, თავისდაუნებურად. ამ სექტის წევრები ყოველ ხუთშაბათს იკრიბებოდნენ კორპუსის სხვენზე და რაღაც სიმბოლოებს გამოსახავდნენ. რომ აცივდა ესეც მობეზრდა კობას გაშეშებული რომ იდგა ხოლმე სახურავზე სახე ისე ეყინებოდა სიმწრისგან წინ მდგომს თხოვდა ხოლმე მომაორთქლეო.
  კობამ უნივერსიტეტში 22 წლისამ ჩააბარა არა იმიტომ რომ აქამდე ვერ აბარებდა, უბრალოდ არ იცოდა ვინ უნდოდა გამოსულიყო და საბოლოოდ რომ ჩამოყალიბდა არქეოლოგია აერჩია. თავიდან ამ საქმესაც ენთუზიაზმით შეუდგა, ეგონა ესაა ის რაზეც ვოცნებობდიო აღმოჩენების გაკეთება ხომ ბავშვობიდან უყვარდა, მაგრამ შემდეგ ექსპედიციებში, აი მაშინ, როცა ესესაა აღმოჩენა უნდა გაეკეთებინა და ფუნჯს ფრთხილად უსვამდა და ისე შეხორცებოდა მიწაზე თითქოს წონა არ ჰქონოდა, აი სწორედ მაშინ, დიდი საგავრეულო ქვა აღმოაჩინა, მიწის პატრონმა აქაოდა ჩვენი მამაპაპის საგვარეულო ქვა აღმოაჩინეო - 60 ლიტრა სუფთა ღვინო აჩუქა. ეს იყო და ეს.
     კობამ cv შეავსო, რაც კი რამ გაახსენდა შიგნით ჩაწერა, მერე იაკოს ანახა- ყველაზე დას- და იმან ერთი პუნქტი ამოუშალა - დამამთავრებელ კლასებში ჭადრაკის მასწავლებლის წოდება დიდი ვერაფერიაო. შემდეგ მეილით გადააგზავნა, თანაც სურათის გადაღება დაეზარა და ის სურათი დაამონტაჟა ვიღაცის დაბადების დღეზე რომ ცეკვავს და ბედნიერი სახე აქვს, ჰალსტუხიან ტანში ჩასვა, დააპატარავა, ცოტა გაამუქა, გაწმინდა და მზად იყო.
  კობამ მუშაობა 11-ს რომ 37 წუთი აკლდა მაშინ დაიწყო. პირველივე დღეს ქალების სიმპატია დაიმსახურა. უფროსიც კარგად შეხვდა. მესამე დღეს კორპორატიულ წვეულებაზე ერთად იცეკვეს კიდეც . მოკლედ კობას თავი ქუდში ჰქონდა, ყოველდღე ხან რომელ თანამშრომელ კეკლუც გოგოს, ხან რომელს შემოჰქონდათ ყავა მისთვის. ერთ-ერთი მათგანის „დაჩაზეც“ კი დაისვენა.
  იმ დღეს კობას დააგვიანდა,ტემპერატურა 40-ამდე აღწევდა. ყველა ბავშვი შადრევნის ქვეშ იდგა. ერთმა კობა გაწუწა კიდეც, კობას დააგვიანდა 20 წუთი, იმიტომ რომ ჯერ იმ ბავშვს დაემუქრა და უფრო გაწუწეს, მერე კიდევ ფანტას ხურდას უცდიდა.
  სამსახურში რომ შეაბიჯა ყველა რაღაცნაირად უყურებდა, უხეშად. თავიდან გაუკვირდა მაგიდასთან რომ ყავა არ დახვდა, მერე მდივანმა დაურეკა, უფროსი გიბარებსო. კობამ ერთი თმა გადაიწია, სარკეში გაიღიმა და ოთახის კარი შეაღო.
   კაბინეტში სხვა სუნამოს სუნი დახვდა, ერთი წამი გაიფიქრა კიდეც მე რატომ არ მომაფიქრდა უფროსისთვის სუნამოს ჩუქებაო, ვიღაცამ ეტყობა დამასწრო ეს, ალბათ, მეორე სართულის ლადო იქნებოდაო, მერე ფეხსაცმლებს შეხედა და თვალი ააყოლა, თვალი ბოლომდე ვერ მისწვდა და ამიტომ იძულებული გახდა თავი უკან გადაეგდო . ეს სახე ძალიან ეცნობოდა, მაგრამ ვერ იხსენებდა რატომ იყო ასე ნაცნობი. ერთხანს დუმდა ღიმილიანი სახე ისევ ისეთი იყო როცა კარებს გადმოაბიჯა , ფიქრები ერეოდა ერთმანეთში, გონება ისე ჰქონდა დაძაბული შემთხვევით ვინმეს თითი რომ მიედო მის სხეულზე დაელექტროვებული დარჩებოდა. მერე ბეჯს შეხედა მოჭუტულ  თვალებზე შუბლიდან ოფლი ჩამოსვლოდა ფურცლის პატარა ნაგლეჯზე გარკვევით ეწერა ლონდა. "  


თაკომე 

No comments:

Post a Comment