Wednesday, November 18, 2015

ორმო


ბავშვობაში ფრჩხილებში სულ ქვიშა მქონდა კარგად გამჯდარი. გათენდებოდა თუ არა ჩავრბოდით ეზოში და ორმოს ვთხრიდით ბავშვები. ყველას თავისი ორმო ქონდა, აბა გაგებედა და რომელიმეს ორმოდან ამოგეღო რამე, დაუწერელი კანონი იყო: ხელები მხოლოდ შენ ორმოში... დღის ბოლომდე ვისიც ყველაზე დიდი ორმო იქნებოდა, ის იყო გამარჯვებული, მაგრამ თუ შენი ნაპოვნი ნივთები სხვისას აჯობებდა, მაშინ შენ იგებდი.
უცნაური გასართობი იყო, მაგრამ ძალიან აზარტული. პირველი ნაპოვნი ნივთი ყოველთვის უმიშვნელო იყო. ან გატეხილი თოფის ნაწილი, ან სათამაშოს ხელი. აი, რაც უფრო ღრმა შრეებში თხრიდი, მით უფრო რთული ხდებოდა, თუმცა, მით უფრო საინტერესო ნივთებს პოულობდი. გასაღები,ბოთლი, ბეჭედი, კულონი. ჩემი გათხრების მანძილზე უამრავი მოურგებელი გასაღები ვიპოვე, გატეხილი ნივთი და მონეტა.
ასე რვა საათისთვის, როცა უკვე ბნელდებოდა, ყველა თავის ორმოს ამოავსებდა, ცოტა დანანებით ხელებით შემოასწორებდა და შემდეგ ფეხებით დატკეპნიდა. მეორე დღეს იგივე ორმოს არავინ უბრუნდებოდა. მახსოვს, როგორ დამწყდა გული, როცა ვერაფრით  ამოვიღე ნივთი, რომლის ნახევარიც ჩანდა. ხელები დამეღალა, მომბეზრდა ფესვებთან ჭიდაობა და დავთმე. მიწა დავაყარე, ავდექი, ჩამოვიფერთხე ტანსაცმელი და გადავუარე . სულ მეგონა რომ სკივრი იყო, რომელშიც ასევე საინტერესო რაღაცეები იქნებოდა.
საკმაოდ პატარა ტერიტორიაზე, საოცარია, რამდენი ნივთი იმალებოდა.ნაპოვნ ნივთებს ქილებში ვაგროვებდით და ვხუფავდით.ასეთი ქილები დღემდე დგას ჩემ სარდაფში მურაბების გვერდზე.
ვფიქრობ, აქედან დაიწყო ჩემი უცნაური ჰობი. დავდიოდი ეზოებში და მიწაში ნივთებს ვმალავდი.  ასე გაუჩინარდა სახლიდან ბაბუაჩემის მედალი, ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარი პატარა დათვი, ბლოკნოტის გასაღები, ლაზერი, ჯიბის ლექსიკონი და სხვა.
ერთხელ უცნაური სიზმარი დამესიზმრა. მაშინ, როცა ბავშვობა კაი ხანია უკან მომეტოვებინა.
თითქოს სადღაც ფენებს შორის ვიყავი გაჭედილი და ზემოდან უამრავი რამ მელაგა. თავი დატუმბული მქონდა ფიქრებით და ვერცერთს ვერ ვიჭერდი. მივუახლვდებოდი თუ არა ფიქრს, უამრავი ხმა ერთად მესმოდა, აზრი ვერ გამომქონდა და ისევ უკან ვბრუნდებოდი. ვიღაცა თითქოს თმას მვარცხნიდა თითებით, ნელნელა ჩამასობდა ხელს და გამიშვებდა ისევ. ჩემს ქვემოთ მაგარი ქვები იყო და ფესვები, რომლებსაც მიხუტებული ვყავდი. ჩემ ზემოთ ჯერ სიშავე იყო, შემდეგ სიწთლე, როგორც თვალებზე თითების მაგრად მიჭერამ იცის. ვგრძნობდი, ვიღაც ზემოდან მექაჩებოდა, მაგრამ ვერ ავყავდი. პატარა ხელებში ძალა არ ქონდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა თმებს იჭერდა და ნელ-ნელა ქაჩავდა.
რომ გავიღვიძე მთელი დღე ამ სიზმარზე ვფიქრობდი. კაი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს სიზმარი ვნახე.
ეგ კი არა, მკითხვათანაც მივედი. სულ მაინტერესებდა როგორები იყვნენ. წამომედგინა, რომ ქონდათ წითელი თმა, ამავე ფერის ტუჩსაცხი და შავი ტანსაცმელი.
ჩემი მკითხავი ქერა აღმოჩნდა, სპორტულები ეცვა და  ერთადერთი, რაც მკითხავის ეცხო, წითელი ტუჩსაცხი იყო. გარეუბანში ცხოვრობდა, სახლი ისეთივე ქონდა, როგორც მის მეზობლებს.
-ყავა უნდა დალიო.
 მითხრა შევედი თუ არა და ყავადანში 2 კოვზი ყავა ჩაყარა. მე კიდევ არასდროს მყვარებია ყავა ...
-ჩაი მირჩევნია .
შემომხედა და რომ მიხვდა მართლა ვეუბნებოდი, გაიღმა და მითხრა, რომ მასაც ურჩევნია ხიზილალა და კაი ცხოვრება.
სხვა გზა არ იყო ყავა მოვსვი, რომელიც ისეთი მწარე იყო ორი დღე არ დამაძინა. ჭიქა ხელის ამობურნებით გადმოაპირქვავა და ჩემდა გასაკვირად თეფშს ჩააშტერდა. ჩემ მკითხავს კლასიკური გაგების არაფერი ეცხო. ასე მითხრა რაღაცას მალავ და მოსვნეებას ეგ არ გაძლევსო. მეც რა უნდა მექნა თავი დავუკარი ყავის ფული გადავუხადე და წამოვედი.
დამალვით ბევრ რაღაცას ვმალავდი და მოსვენებას, რომელი არ მაძლევდა ვერ ვხვდებოდი. საბოლოოდ გადაწყვიტე ნელ-ნელა დამეწყო დამალულების გამოაშკარავება და იქნებ  ეშველა რამე.
პირველი, რაც გავაკეთე ჩემ ძველ მეგობარს მოპარული ზარდახშა დავუბრუნე. არც კი ვიცი რატომ მოვპარე, მერე კიდევ შემრცხვა და ვეღარ გამოვაჩინე.
 სახლში რომ ავადექი 3 წელი არ მყავდა ნანახი. გაუკვირდა, აქ რა ქარმა გადმოგაგდოო, მკითხა სად ხარ, სად დაიკარგეო? რას შვები ცხოვრებაშიო, ისევ იქ ცხოვრობო? ხომ არ გათხოვდიო? დროაო!  შენები როგორ არიანო ? ჩემებიცო. სადმე მუშაობო? უი, რატომო? ეძებო? პოულობო? აი, შენი ზარდახშა მეთქი ბოლოს ვუთხარი და ეუცხოა. ჩემი არააო, დაიფიცა კიდეც, მაგრამ სხვა გზა არ იყო უკან უნდა დამებრუნებინა. წამოსვლისას განზრახ დავტოვე სკამზე და გამოვედი.
რომ გითხრათ გულიდან ლოდი გადამვარდა მეთქი, მოგატყუებთ, აი კენჭი კი ნამდვილად გადამვარდა, არასდროს მომწონდა ეგ ზარდახშა.
მეორე, რაც გავაკეთე უფრო მეტ გამბედაობას მოითხოვდა. დედაჩემისთვის უნდა მეთქვა, რომ არ ამიღია გრანტი და უფასოზე არ ვსწავლობდი. დედაჩემი კიდევ ტიპიური დედა იყო და ჩემი გრანტის ამბავი შორეულმა ნათესავებმაც იცოდნენ. ალბათ, ასე ამბობდნენ: გაიგე ნატას გოგოს გრანტი აუღიაო... აბაა, ჭკვიანი ყოფილაო...ამ სასიკვდილე გიორგის, რომ ბირჟაობა მოეშალა თავიდან განა იმაზე ნაკლებიაო.
დედაჩემთან რომ ავედი მეგობრები ყავდა, შევედი თუ არა, ღვინის სუნი მეცა. აი, მოვიდაო დაიძახა თამადამ და გვერდით დამიყენა, ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი გოგო-ბიჭები გინდა შესახედაობით გინდა ჭკუითო. შენო, შვილო, რაც შენ მშობლებს ცხოვრება შეუმსუბუქე იმდენი ამაგი გენახოსო. ვიდექი და ვფიქრობდი, ნეტა, აქ ჩემი მკითხავი, რომ იჯდეს ყავას დალევდნენ მეთქი?
სუფრა, რომ აიშალა დედა დავიმარტოხელე და ვუთხარი, რომ ვმუშაობდი ის ოთხი წელი და ფულს ისე ვიხდიდი. დედამ მითხრა ვიციო, გხედავდიო. ერთი ის ვერ გავიგე, რატომ მოიგონე ეგო... მეც არ ვიცოდი და ამიტომ გავჩუმდი.
მესამე, რაც გავაკეთე მოკლე კაბის ჩაცმა იყო. ბევრი ვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა შემდეგი რომ კენჭს, კენჭი დამატებოდა და შემშვებოდა ეს სიზმარიც და აი, ამ დროს გამახსენდა როგორ მითხრა წლების წინ უბნელმა ბიჭმა ლამაზი ფეხები გაქვს და რატომ მალავო?
კაცმა რომ თქვას, მართლაც ლამაზი ფეხები მქონდა, მაგრამ ძალით არ ვმალავდი. ბავშვობაში კაბა ხელს მიშლიდა ორმოებს ამოთხრაში და სულ შარვალი მეცვა.  მერე კიდევ უბრალოდ მივეჩვიე. ფეხების გამოაშკარავებამ, ზოგიერთის ზრახვაც გამოააშკარავა…
ამას მოყვა ისიც, რომ დავდიოდი ნაცნობ ეზოებში შებინდებისას ისე, რომ ვერავინ მხედავდა მიწაში ფრჩხილებს ვასობდი და ჩემკენ ვიზიდავდი. მიწა ერთ ადგილზე მაღლდებოდა და მერე მეორე მხრიდან ვეზიდებოდი. საბოლოოდ გარშემო ორმო კეთდებოდა და შიგნით ხელებით ვესობოდი.მიწა ჯერ მშრალი იყო, მერე ნოტიო, მერე კიდევ უფრო სველი.
ტალახიან დღეებში ორმოებისგან თავს შორს ვიჭერდი, მიწა რომ ცოტა შრებოდა და ფერს იცვლიდა, ისევ ჩავასობდი ფრჩხილებს და ჩემკენ ვეზიდებოდი .პირველი კვირა ვერაფერი ვიპოვე. ვერც მეორე კვირას ვერ მივაგენი. ვიცოდი, დიდი დრო იყო გასული და შანსიც ნაკლები იყო მეპოვა, მაგრამ ჩემსას არ ვიშლიდი, არ ვაპირებდი იმ სკივრივით მიმეტოვებინა საქმე.
დღეები, დღეებს ცვლიდა, ამასობაში ყავის სმაც დავიწყე ოღონდ არა ისეთის... ტკბილის. ვდგებოდი ფანჯარასთან და თითოეულ ბავშვს ვაკვირდებოდი ორმოებს ხომ არ თხრიდნენ. ბავშვები ხან საქანელაზე ისხდნენ, ხან ერთმანეთს დასდევნენ, ხანაც, მუხლს იტკენდნენ და სახლებში მიდოდინენ. იყო დღეები, როცა არცერთი ბავშვი გარეთ არ გამოდიოდა იკეტებოდნენ თავიანთ სახლებში და შორიდან უყურებდნენ ცხოვრებას.კომპიუტერთან თამაშობდნენ და ლაპარაკობდნენ.
არცერთი მათგანი არ ერთობოდა ისე როგორც ჩვენ. არცერთ მათგანს არ უძებნია სხვისი ნივთები და არცერთ მათგანს არ უთქვამს უარი კაბაზე იმის გამო, რომ მოუხერხებელი იყო მიწაზე მაგით მუშაობა.
ზოგჯერ პესიმიზმი მიპყრობდა და არც მე გავდიოდი გარეთ, მანიკურზე ვეწერებოდი და ლამაზი ფრჩხილებით ვტკბებოდი რამდენიმე დღე. მერე ესეც მბეზრდებოდა და ისევ ვებმეოდი რუტინაში.
ერთხელაც, მორიგ ეზოში ექსპედიციისას ხელით რაღაცას შევეხე, ვერ მივხვდი რა იყო, ერთი სული მქონდა ამომეთხარა და შემეხედა.
მახსოვს, იმ დღეს სულ გადამძვრა ლაქი, ფრჩხილიც მომტყდა აქა-იქ, მაგრამ არ ვნებდებოდი. რომ ამოვიღე მიწაში ამოგანგლულიყო, ხელებით გადავაცალე ტალახი და ბაბუაჩემის მედალი იყო.
ასე ნელნელა დავიბრუნე ლაზერი, დათუნია, ჯიბის ლექსიკონი და დიდი წვალების შემდეგ გასაღებიც თუმცა ამ უკანასკნელზე დარწმუნებული არ ვარ რომ ჩემია.
იმ დღეს, როცა გასაღები ვიპოვე გაფაციცებით ვუცდიდი მომენტს, როცა ვიგრძნობდი რომ ეს იყო. ეს უნდა გამეკეთებინა…ფილმებში ყოველთვის არის ეს მომენტი, როცა გმირი ხვდება, რომ გასაკეთებელი გააკეთა და მშვიდად იძინებს. მე კიდევ ღამე ბევრი ვიფიქრე და ვიწრიალე. ღამის 2-ის წუთებზე კი ჩამეძინა.
თვალები რომ გავახილე, სადღაც ვვარდებოდი დიდი სისწრაფით და ხელის მოსაჭიდი არასად  იყო, თავს ქვემოთ ვერ ვაბრუნებდი და მხოლოდ ზემოთკენ ვხედავდი სიშავეს, რომელსაც უამრავი შავი კადრი ცვლიდა, უწონადობას უცებ შეხტომა მოჰყვა. თვალები რომ გავახილე ისევ სიშავე იყო... 2 გამხდარიყო.
 ავდექი, ხელის ცეცებით მივაგენი კაბას, რომელიც სკამზე იყო გადაკიდული, ჟაკეტი მოვიცვი, წინდებზე დრო აღარ იყო ჩუსტებით ჩავედი ეზოში. უკვე სამის ნახევარი იქნებოდა თხრა რომ დავიწყე, ვიცოდი ცოტა დრო მქონდა...ზოგჯერ როგორ გინდა რომ არ გათენდეს.
მახარებდა, რომ ეს ტერიტორია არ იყო დიდი და ჰა,ჰა სულ 13 ორმოს ტოლი ყოფილიყო. პირველმა, მეორე, მესამე და მეოთხე ცდამ არ გაამართლა. მეხუთეზე მონეტა ვიპოვე, მეშვიდეზე უცნაური ოვალური რკინა.. არ ვნებდებოდი. ბუნდოვნად მახსოვდა, რომ სადღაც აქ უნდა ყოფილიყო... ჯოხით ფრჩხილებიდან ტალახს ვიცლიდი და ისევ ვაგრძელებდი. თითები საოცრად დამეჭიმა და გამიუხეშდა. შორიდან ვხედავდი მეეზოვე მიახლოვდებოდა და ვინ იცის, რომ არ მეპოვა ხელის ერთი მოსმით ამოევსო ორმოები.
მეცხრე ორმოში იდო, ერთი მტკაველის ხელა იყო.  მინდოდა მეთქვა, რომ შიგნით რამე იყო, ძველი რუკა, გაცრეცილი ფოტო ან ყველაზე ბანალური ფულიც კი ... მაგრამ ცარიელი დამხვდა.
გამთენიისას ჩამეძინა და დამესიზმრა, რომ ვიღაცამ თმებში ჩამავლო ხელი და ამომათრია, ხელებში სკივრი მეჭირა სკივრში ლაზერი,მონეტა,მედალი და დათვი იდო.
ფრჩხილებიდან მიწა რომ გამშორდა და სიზმარიც გაქრა, მკითხავთან ავედი, თმა წითლად შეეღება, შავი კაბა ეცვა... ჩაი შემომთავაზა, ასე მითხრა ყავა არ მაქვსო.


თაკომე


No comments:

Post a Comment