Friday, December 30, 2016

ამომავალი მზის ქვეყანაში



"ძაღლების ცხოვრების დამგეგმავივკითხულობ აბრაზე, ხელში ყავის ქილა მიჭირავს, რომლის ბრაილის შრიფტსაც მზის სხივი ეცემა, მარჯვენა საჭიანი მძღოლი მოთმიებით მიცდის როდის გადავალ ზებრაზე, ვხვდები, რომ რაღაც ისე ვერაა, ფეხქვეშ ვიხედები და ვხედავ, ოდნავ მარჯვნივ უნდა ვიარო, ველოსიპედის ზებრაზე ვარ.
 ამომავალი მზის ქვეყანაში დილა ძალიან ადრე იწყება, ღამე ყველაზე ნაკლებად ჩერდება იაპონიაში. 5-ზე უკვე ბნელდება, თანაც ისე, როგორც აქაური დროით 9-ზე.

 კულტურული შოკი ნერვების შლაში გადადის. კი მაგრამ, როგორ ახერხებენ, რომ ყველაზე და ყველაფერზე წინასწარ აქვთ ნაფიქრი? ჩავდივარ მეტროში კიბეზე და ვცდილობ გამოვიჭირო იაპონია რამეში, რიგითი იაპონელიც, რაღაცა იქნება... ეგებ გადამასწროს? ან ეგებ, სულაც აიღოს და რამე დააგდოს ძირს, ან ეგებ, ქუჩაში ჭამდეს?- 
მაგრამ ჩემი მცდელობა თავიდანვე განწირულია. ვაკვირდები მეტროში დაკლაკნილ ჩასასვლელს, სადაც მოხუცი ბებო ცდილობს ჩასვლას, ვფიქრობ რატომ დაკლაკნეს ასე ეს კიბე, ხომ ვერ ჩავა ახლა ეს ქალი- მეთქი?! რა თქმა უნდა, ვცდები, კლაკნილ კიბეს ბოლომდე მიყვება მოაჯირი, ბებიაც ვითომც არაფერიაო მიაბიჯებს
  რიგში დგომა ბრიტანელებმაც იციან, მაგრამ იაპონიაში უბრალოდ უყვართ რიგში დგომა. სხვანაირად ქართველისთვის ძალიან რთულია ამოხსნას ორადგილიან სკალატორზე უზარმაზარი ხაზი მარცხენა მხარეს. გეჩქარება? მიბრძანდი მარჯვნივ და აიარე სკალატორი, არავინ არის ისეთი ვისაც ეჩქარება? არ აქვს მნიშვნელობა, მაინც მკაცრად მარცხნივ უნდა იდგე.

ძაღლების ცხოვრების დამგეგმავი“ - ვფიქრობ ჩემთვის და ისარს ვუყურებ ფეხქვეშ, რომელიც მეუბნება , ნუ გეშინია შენ ზოლში ხარ, სხვებს ხელს არ უშლი. ნაყიდ სენდვიჩს ჩუმ-ჩუმად ვჭამ, ვცდილობ არ დამინახონ, მრცხვენია.

 „რატომ ატარებენ იაპონიაში პირბადეს?“- ვგუგლავ. იმ იმედით, რომ  Google- არ მომატყუებს თუ რაიმე ეპიდემიაა გავრცელებული. როგორც სტატიიდან ჩანს, იაპონიაში ადამიანებს Day off- საკმაოდ იშვიათად აძლევენ შესაბამისად, იმის შიშით, რომ არ გაცივდნენ მოსახლების უმეტესობა პირბადით დადის, ეგეცაა, უკვე ჩვევაში გადაუვიდათ, ამას ისიც ემატება, რომ იაპონიის ზოგიერთ ნაწილში უბრალოდ ისე ცივა გეგონება ამინდი ცდილობს რომ მოგკლას, ამიტომ დამატებითი გათბობის წყაროცაა.


ვუყურებ მაღაზიაში მოხატულ ფერად პირბადეებს და ვფიქრობ ვინმეს ხომ არ წავუღო თბილისში, მერე მახსენდება რომ არაფერში არ ჯდება ჩემი საჩუქარი.
 დავიკარგე, პანიკა მიბყრობს, ჩემი ენა არ ესმით, არც ინგლისურად ლაპარაკობენ, შევდივარ მაღაზიაში ჟესტების ენას ვიყენებ და ყველაფერი კარგადაა. მაღაზიის გამყდველი მიღიმის, თავს მიკრავს, მანიშნებს გამომყევიო, მიმითითებს მიმართულებას და მეც ყველაფერი მესმის. ვიცნობ ამ ადამიანს, ზრდილობიანია, პატიოსანი, მშრომელი და ძალიან საყვარელი, რიგითი იაპონელია და იმიტომ.
 სტარბაქსის გოგონა მეკითხება, ჩაი ინგლისური, შავი, მწვანე თუ იაპონური. მეც ვფიქრობ, რა თქმა უნდა იაპონური. მერე მთელი გზა თევზის წვენს ვსვა, ვწუწუნებ, მაგრამ ბოლოში უკვე მომწონს.

 თევზი იაპონელია. სხვანაირად არ შეიძლება ერთნაირად იყოს, საჭმელშიც, ყავაშიც, ჩაიშიც და ჰაერშიც. თევზის სუნი დაგყვება ყველგან, ზოგჯერ ისეთი ფეხს რომ აუჩქარებ, ზოგჯერ მწვანე ყავის არომატშია გახვეული და ცხვირში გიღიტინებს, ფიქრობ რომ თევზის წვენს სვამ, მაგრამ რომ გემრიელია?
  მთებზე უკეთესი მხოლოდ მთები შეიძლება იყოსო, მე კიდევ მგონია, რომ ტყეზე უკეთესი მხოლოდ იაპონური ტყე შეიძლება იყოს. იმიტომ, რომ  იაპონურ ტყეში მაღალი, ვარდისფერი და ხშირი ხეები სიწყნარეში ცხოვრობენ.

 გაშიშვლებული კარალიოკის ხეები დამწიფებული ნაყოფით შუა გზაზე ბევრგან შეგხვდებათ. ნეტა მურაბას არ აკეთებენ?- ვფიქრობ. ნეტა, არავინაა ისეთი რომ მოწყვიტოს, წაიღოს და გაყიდოს? ჩირს მაინც არ ჭამენ? მერე მახსენდება რომ სხვაგან ვარ და, რომ ალბათ, აქ კარალიოკსაც პატივს სცემენ.
 ევროპაში თავხედი მტრედების მეტი რა არი... აქ კი ყვავებია ასე. ისე მოგისკუპდება გვერდით გეგონება დიდი შავი ფრინველი არ იყოს და თავზეც არ დაგჭყაოდეს. ისე უნდა ითქვას, რომ ყვავი ძალიან უხდება იაპონურ გარემოს, ალბათ ამიტომაცაა თავს ასე შინაურულად რომ გრძნობს.
მივდივარ საჭმლის ჩამოსაგდებ აპარატთან და ვუყურებ, რომელი ვჭამო? კვერცხი? ბრინჯი? თუ თევზი? სამივე ერთადაცაა, ვაჭერ სამივე ღილაკს და საჭმელი, როგორღაც, ოთხკუთხედი მანქანიდან ჩნდება, მაგრამ მე უკვე ვიცი რომ ქუჩაში არ უნდა ვჭამო და ჩანთაში ვიდებ. განა იმიტომ, რომ იაპონელები მიყურებენ, უბრალოდ უხერხულია.

 მატარებელში ტელეფონი მირეკავს და გიჟივით ვთიშავ, იმიტომ რომ არავინ შევაწუხო, იმიტომ რომ ვიცი იაპონიაში ტრანსპორტში ლაპარაკი არ შეიძლება.
 თუ ვერ იყენებ საჭმელ ჩხირებს, არაუშავს რომ დანა ჩანგალი მოითხოვო - ვკითხულობ კაფეში და მერე 1 წუთს ვანდომებ მაკარონის ჯოხებშუა მოქცევას, აბა ვინმე ხინკალს რომ დანა-ჩანგლით ჭრის ხომ მტკივნეულია ქართველისთვის, ამიტომ არ მაქვს უფლება დანა-ჩანგლით ვჭამო, თავს ვიმხნევებ და სულ მალე თბილისში წამოსაღებ საჭმლის ჩხირებსაც ვყდულობ.
 ვერონაში ჯულიეტას ძეგლს მკერდზე ხელი უნდა მოკიდო ასეთია წესი, აქ კიდევ ჰაჩიკოს ძეგლთან მიდიან და ეფერებიან. ურიგო არ იქნება აქძაღების ცხოვრების დამგეგმავი“- უბრალოდ ხსენება.
 ვერ ვიტყვი რომ ქუჩაში არ მიჭამია, ვერც იმას, რომ რიგში წინ ჩახტომას არ ვცდილობ, ვერც იმას, რომ დილაადრიან ვდგები და ყველას მიმართ თავაზიანი ვარ, ერთი ეგაა თბილისში ჩამოსულმა ბოსტნეულის გამყიდველს ნახვამდის მაგივრად თავი დავუკარი.





თაკომე

No comments:

Post a Comment