суббота, 24 марта 2012 г.

* * *



 პოეზია (ბერძნ.: ποίησις "ვქმნი") — ხელოვნების უძველესი ფორმა, რომელშიაც ენა გამოიყენება მისი ესთეტიკური თვისებების გამო, მის მნიშვნელობასთან ერთად.


ოთარ ჭილაძე

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ,როგორც სიცივეს!
გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე
და ხმაურს ვიწყებ....
გათავდა..აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე,მხრებზე,მუხლებზე...სულში...
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!...


  ***
აღარ დამაცდის, მოვითქვა სული
ან მოვიმაგრო ფეხი მიწაზე
და ვიდრე პეშვით მოვიკლავ წყურვილს,
ამატივტივებს და გამიტაცებს.

დამედევნება წივილით ქარი,
გამებლანდება ფეხებში ჩქერი,
დამეკარგება ფიქრი და კვალი,
ამიჭრელდება თვალი და ჭერი...

ბოლოს თევზივით შევრჩები რიყეს,
დალეწილი და დაღლილი ძლიერ,
თითოს მშფოთვარე სიზმარი იყო
და აუხდენელ ოცნებებს ვსდიე...

და აი, ბოლოს რიყეზე დავრჩი
და ვგრძნობ, როგორი უმწეო ვიყავ,
როგორც ქალაქში სოფლელი ბავშვი,
როგორც მძერწავის ხელებში თიხა.

მაგრამ იმ ქროლვას დღემდე ვიგონებ,
ქვის მოთმინებით ვიცდი და ვიცი,
რომ თუკი ისევ ჩამომიქროლებს,
მეც ერთი ტალღა გავხდები მისი.

კოლაუ ნადირაძე

პატარა ბავშვის ტერფების კვალი
ნამიან სილას ზღვის პირას აჩნდა...
მე თითქოს წამით ამეხსნა თვალი
და ის დღე ვიგრძენ იდუმალ ძალით,
როცა სიცოცხლე პირველად გაჩნდა!
ვიდექი მარტო. შორიდან ფრთხილად
მოდგა სიჩუმე და გულში ჩაჯდა.
ვხედავდი პირველ გაჩენის დილას...
და მხოლოდ სილას, ნამიან სილას,
პატარა ბავშვის ტერფები აჩნდა...


  შოთა ნიშნიანიძე  

არა მინდა რა, მილხინს თუ მიჭირს,
არაფერს არ ვთხოვ ბედს ჩაციებით,
ოღონდაც მომცეს მოთმენის ნიჭი,
მონანიების და პატიების.

ოღონდ შემეძლოს კვლავ გაოცება
და სიყვარული ღვთით ბოძებული,
თუნდაც სულ ჩემი დღე და მოსწრება
ვიყო ბავშვივით მოტყუებული.




თაკომე 

Комментариев нет:

Отправить комментарий