Saturday, January 24, 2015

"მარჯნის სანაპირო"


მეხუთე თავი
  სამაშველო პუნქტში მე და იზი გორგოლაჭიან სკამებზე ვსხედვართ. იზი სკამზე გიჟივით ტრიალებს(ერთხელ სკამიანად გადაყირავდა კიდეც) მე კიდევ ფეხები მაქ შემოწყობილი და ჰორიზონტს ვუყურებ. თვალები მიჭრელდება, მიწითლდება და იზის უკვე ვეღარ ვხედავ მხოლოდ ჰაერის ნაკადი მეჯახება გვერდიდან, რომელსაც იზი წარმოქმნის. არ ცხელა , არც ცივა, ზემოდან პირსახოცი მაქვს შემოხვეული. იზი მეუბნება რომ მუმიას ვგავარ და იცინის მერე ამატებს, რომ ეს ჩემი გაცრეცილობაც მუმიასთან მაახლოვებს. ზოგჯერ იზიც აუტანელია, ეს ზოგჯერ უფრო ხშრადაა ვიდრე სხვების შემთხვევაში. იზი მდოგვიან ბუტერბროტს მაწვდის და მეუბნება, რომ ბარმენი ჯო უკეთებს ყოველდილას იმის სანაცვლოდ რომ იზიმ თქვას ჯომ ყველაზე მაგარი კოცნა იცის მთელ მარჯნის სანაპიროზე. დავინახე თუ არა ეგ ჯო მაშინვე არ მესიამოვნა, ისეთი ტიპის ადამიანია რაღაცად რომ მოაქვს თავი და სინამდვილეში არც არსებობს. იზი კიდევ მეუბნება რომ ადამიანები არ უნდა დავყო კატეგორიებად და რომ ადამიანი იმდენად სპონტანურია ერთ კატეგორიაში ვერ ჩაეტევა. ამის მაგალითად თავისი თავი მოაქვს და ამბობს რომ - აბა რომელი კატეგორია აერთიანებს ერთმანეთში გამოუსწორებელ პესიმისტს და ადამიანს, რომელიც გვერდით მიზის, მდოგვი აქვს ტუჩებზე და გულისარევამდე ბზრიალებს.
იზიზე კიდევ ერთი ჭორი გავიგე, რომლის თქმაც აქამდე არ მინდოდა, მაგრამ ამის მერე აუცილებლად უნდა ვთქვა. თურმე შარშან ვიღაცას დაუნახავს როგორ გადმოხტა წყალში შეჭრილი რიფიდან და წყლის სიღრმეში ჩაეშვა. ზოგი ამბობდა ჯომ გადაარჩინაო, ზოგი თვითონ ამოყვინთაო. მაგრამ საქმე იმაში იყო რომ იზის წელზე აქამდე ჩემთვის უნახავი გრძელი შრამი დავინახე, რომელიც დელფინების წრეს კრავდა.


მეექვსე თავი
კვირა დღეა, ნიკმა აიჩემა და „სადაფში“ წაგვიყვანა გამოპრანჭულები, მადუს სიურპრიზი მოვუწყოთო. დეიდას კი უყვარს სიურპრიზები იცოცხლე, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა ფორმაშია. აბა ამას ხომ არ ვეტყვი ნიკს შენი საცოლე ფორმაში არ არი თქო, ამიტომ წყალს ვიგუბებ პირში, ვიცვამ თეთრ სარაფანს, რომელიც ისეთი გამჭირვალეა მხოლოდ საღამოობით რომ უნდა ჩაიცვა და რაიანს, რომელმაც თავისი ერთადერთი სუფთა მაისური ჩაიცვა რომელზეც დიდი ასოებით აწერია „ხოჭო“ თასმებს ვუკრავ. ნიკი ეჭვის თვალით გვიყურებს და უნდა უფრო პომპეზურები ვიყოთ, მაგრამ ხვდება რომ ჭირვეულობს.
 მოკლედ სადღაც რვა საათისკენ ასე გამოპრანჭულები „სადაფში“ მივდივართ და მადუს ვუცდით,მე სკამზე ვარ გადაწოლილი ისე რომ ორ ფეხზე დგას, რაიანი ბაგეტებს ჭამს, ნიკს კიდევ ხელში უზარმაზარი ორქიდეა უკავია და ცოტა არ იყოს გვარცხვენს.
 „სადაფი“ ხალხითაა სავსე, რას არ გაიგებ ასეთ ადგილებში თუ ყური თავის ნებაზე მიუშვი. აი, ასე ვიზვარ და ამ დროს მესმის დაძაბული ლაპარაკი ქალის და კაცის. კაცი იქნება დაახლოებით ნიკის ხელა ქალს ვერ ვხედავ დიდი პალმა ეფარება, და დარწმუენებული ვარ ჩემს წარმოსახვას გასაქანი რომ მივცე პალმას ავალაპარაკებ, თუმცა მეზარება. ხმა არც ისე შორსაა რომ ვერ გავიგო და არც ისე ახლოს რომ კარგად მესმოდეს. შინაარსი დაახლოებით ასეთია ეს კაცი თხოვს ამ ქალს უფრო სწორედ პალმას, რომ დროა ცხოვრებას რეალურად შეხედოს, გაიზარდოს და საერთოდაც ნუ ეწევა ამდენს როცა ელაპარაკება ეს ქალი კიდევ ჩანს ყურადღებას დიდად არ აქცევს. პალმა რაღაცით იზის მაგონებს, მაგრამ იზი არ ეწევა. ამ დროს დეიდა გვიახლოვდება კვამლიანი პალმიდან მზერა მისკენ გადამაქვს ვხედავ დეიდა ნიკს ორქიდეას ხელიდან თითქმის გლეჯს და საყვედურით მეუბნება
-         ლუსი შენ ეს ყველაფერი იცოდი და არ გამაფრთხილე ?
დეიდას ფეხზე ჩუსტები აცვია, ხელში კიდევ ნაყიდი პროდუქტები უჭირავს.მე ვიცი რომ დეიდა ამას ძნელად თუ მაპატიებს, ნიკის კიდევ ქალების არ ესმის და ცეცხლზე ნავთს ასხავს, დეიდას ეუბენება რომ შესანიშნავად გამოიყურება, ამდროს რაიანი ნაფშხვენებს ყრის ხოჭოდან, მე კიდევ ოფიციანტი მეუბნება რომ სკამი გავასწორო, მაგიდას გიჟივით ვაშორებ ხელს და წინ მივექანები. სკამი რომ სწორდება პალმა უკან ინაცვლებს და იზის ვხედავ.



თაკომე 

No comments:

Post a Comment