Saturday, February 4, 2012

ერიკ ემანუელ შმიტი (2)


"ძვირფასო  ღმერთო, ყოჩაღ, საოცარი ვინმე ხარ !სანამ წერილს საფოსტო ყუთში ჩავაგდებდი, პასუხიც გამეცი, როგორ მოახერხე?
ამ დილით დასასვენებელ ოთახში აინშტაინს ჭადრაკს ვეთამაშებოდი, პოპკორნი მოვიდა და გამაფრთხილა: 
-შენი მშობლები მოვიდნენ.
-ჩემი მშობლები ? შეუზლებელია, ისინი მხოლოდ კვირაობიტ მოდიან.
-მანქანა დავინახე,თეთრბრეზენტიანი წითელი ჯიპი.
-შეუძლებელია.
მხრები ავიჩეჩე და აინშტაინთან თამაში განვაგრძე. საგონებელში ჩავრადნილს აინშტაინმა ზედიზედ ამწაპნა ყველა ფიგურა. ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა. აინშტაინს იმიტომ კი არ ვეძახით, რომ სხვებზე უფრო გონიერია, უბრალოდ, ჩვეულებრივზე უფრო დიდი თავი აქვს. ამბობენ, წყლით არის სავსეო. სამწუხაროა, წყლის მაგივრად თავი ტვინით რომ ჰქონოდა გამოტენილი, აინშტაინი დიდ საქმეებს განახორციელებდა. 
როგორც კი მივხვდი, რომ მოგებას პირი არ უჩანდა, თამაშს შევეშვი და პოპკორნს გავყევი. მისი ოთახი მანქანების სადგომზე გადის. პოპკორნი არ ცდებოდა, ჩემი მშობლები მართლა მოსულიყვნენ. 
ღმერთო, უნდა გითხრა, რომ ჩემი სახლი აქედან ძალიან შორსაა. როცა იქ ვცხოვრობდი, მანძილს ვერ ვგრძნობდი. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ  შორია.მის გამო ჩემი მშობლები კვირაში მხოლოდ ერთხელ ახერხებენ ჩემს სანახავად ჩამოსვლას. ისიც -კვირა დღეს, როცა არ მუშაობენ. ეს დღე, სხვათა შორის, ჩემთვისაც უქმეა.
-ხომ სიმართლე გითხარი? – შემახსენა პოპკორნმა – რამდენს გადაიხდი გაფრხილებისთვის?
-თხილიანი შოკოლადი მაქვს.
-მარწყვი "ტაგადა" აღარ დაგრჩა ? 
-არა
-ჯანდაბას, მომეცი რაც გაქვს.
ცხადია, არ გვაქვს უფლება, პოპკორნს საჭმელი მივცეთ. ის ხომ აქ გასახდომად მოიყვანეს. 98 კილოს იწონის ცხრა წლის ასაკში. წარმოიდგინეთ, 1 მეტრის და 10 სანტიმეტრის სიმაღლის ბიჭი სიგანეში 1 მეტრი და 10 სანტიმეტრია. მხოლოდ ამერიკულ პოლოს გრძელმკლავიან მაისურში ეტევა.სიმართლე  გითხრა, არცერთ ჩემს მეგობარს არ სჯერა, რომ ის ოდესმე გახდება. ისე შია, ისე შია, რომ ძალიან გვეცოდება ხოლმე. თუ რამე დაგვრჩა, სულ პოპკორნს ვაძლევთ.ჩემი პაწაწინა თხილიანი შოკოლადი არაფერია ქონის ამ უზარმაზარ მასასთან შედარებით. ჩვენ თუ მართებულად არ ვიქცევით, მაშინ რაღა ვთქვათ იმ მედდებზე, პოპკორნს წამდაუწუმ შემცვლელებს რომ ტენიან. მაშინ მათაც  თავი დაანებონ!
მშობლების მოლოდინში ჩემს ოთახში დავბრუნდი. თავიდან ვერც გავიგე, როგორ გაირბინა წუთებმა. მერე დამკრა თავში, რომ ამ ხნის მანძილზე ხუთჯერ მაინც მოასწრებდნენ ჩემთან მოსვლას. უცბად მივხვი, სადაც იყვნენ. დერეფანში ფეხაკრეფით გავიძურწე. როცა დავრწმუნდი, რომ არავინ მიყურებდა, კიბეს ჩავუყევი. სანამ ექიმ დიუსელდორფის კაბინეტს მივაღწევდი, უკუნ სიბნელეში ვიარე. 
არ შევმცდარვარ, იქ იყვნენ. კარს მიღმა მათი ხმები ისმოდა. კიბეზე ჩასვლამ დამქანცა და ამიტომ რამდენიმე წამს შევყოვნდი, გული საგულეში რომ ჩამდგომოდა. აი, სწორედ მაშინ აირია ყველაფერი. უნებლიედ ისეთი რამ მოვისმინე, რაც ჩემს გასაგონად არ თქმულა. დედაცემი ქვითინებდა. ექიმი დიუსელდორფი  კი ამშვიდებდა: "ჩვენ ყველაფერი ვცადეთ ! მერწმუნეთ ქალბატონო, ჩვენ მცდელობა არ დაგვიკლი ". "დარწმუნებული ვარ, ექიმო. მე მჯერა თქვენი"-ჩაერია მამაცემი გაგუდული ხმით.
..ვიდექი რკინის კარზე ყურმიკრული. ისიც კი ვიფიქრე, ლითონზე უფრო ცივი მე ხომ არ ვარ-მეთქი. შემდეგ ექიმმა დიუსელდორფმა იკითხა:
-ბავშვს ხომ არ მოეფერებოდით ? 
-არა, გამბედაობა არ მეყოფა-თქვა დედაჩემმა.
-ამ მდგომარეობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვნახოს,-დასძინა მამაჩემმა 
სწორედ მაშინ მივხვი, რომ ჩემი მშობლები ლაჩრები იყვნენ და მეტი არაფერი. უარესი: ორი მხდალი, შენც რომ ისეთივე ჰგონიხარ. კაბინეტში ამტყდარ სკამების ხმაურზე მივხვდი, რომ საცაა გამოვიდოდნენ და პირველსავე კარებში შევრგე თავი. ასე და ამგვარად აღმოვჩნდი საკუჭნაოში, ცოცხებს რომ ინახავენ.შუადღემდე დარჩენილი დრო იქ გავატარე. ღმერთო, შენ შეიძლება არ იცი, მაგრამ ცოცხების შესანახი საკუჭნაო მხოლოდ გარედან იღება. გეგონება, ცოცხები, სათლები და ტილოები ღამე ფეხს აიდგამენ და გაქცევით უშველიან თავს. ყოველ შემთხვევაში, სიბნლეში ყოფნას სულაც არ შევუწუხებივარ. შეიძლება იმიტომ, რომ არც არავის ნახვის სურვილი არ მქონდა. ამას გარდა, მოსმენილისგან თავზარდაცემულს ხელ- ფეხი მაინცდამაინც არ მემორჩილებოდა. 
შუადღე როგორც კი მოახლოვდა, მთელი ზედა სართული აწრიალდა. მესმოდა ნაბიჯების ხმა, გიჟებივით დარბოდნენ აქეთ-იქეთ. მერე ჩემს სახელს ხმამაღლა გაჰკიოდნენ.
-ოსკარ!ოსკარ!
მსიამოვნებდა, რომ მეძახდნენ და არ ვპასუხობდი. მსურდა, მთელი დედამიწა წყობიდან გამომეყვანა. 
მერე, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ცოტა თვალიც მოვატყუე. ჩამესმა, თუ როგორ დაფრატუნობდა კალოშებში მორიგე დამლაგებელი, მადამ ნ’და. კარი შემოაღო და შიშისგან ორივეს კინაღამ გულები დაგვისკდა. მანაც და მეც არაადამიანური ხმით ვიკივლეთ. რას იფიქრებდა, რომ საკუჭნაოში მიპოვიდა. მე კი სულ ამომივარდა თავიდან, ასე უღმერთოდ შავი რომ იყო. არც ის მახსოვდა, ასე ბღავილი თუ შეეძლო. ამას წარმოუდგენელი აურზაური მოჰყვა. ყველა მოვარდა: ექიმი დიუსელდორფი, მთავარი ექთანი, მორიგე ექთნები, დამლაგებლები, ერთი სიტყვით, მთელი საავადმყოფო. ვიფიქრე, ახლა დამცხებენ-მეთქი, მაგრამ არა. პირიქით, ისე დამიტკბნენ, ვერც წარმოიდგენ. გადავწყვიტე, შექმნილი მდგომარეობით მესარგებლა.
-დედა-როზას ნახვა მინდა !
-როგორ არმოცნდი კარადაში ? ვინმეს შეყევი ? ხომ არაფერი გაგიგონია ? 
-დედა-როზას ნახვა მინდა !
-მოდი , ერტი ჭიქა წყალი დალიე.
-არა,დედა-როზას ნახვა მინდა !
-მოდი ერთი ლუკმა..
-არა მეთქი, დედა-როზას ნახვა მინდა ! 
წარმოიდგინე გრანიტი, ციცაბო კლდე, ბეტონის ლოდი – ერთი სიტყვით, ვერაფერს გახდნენ. აღარც კი ვუსმენდი, რას მელაპარაკებოდნენ. მინდოდა დედა-როზა მენახა. მორჩა და გათავდა. ექიმმა დიოუსელდორფმა, ცოტა არ იყოს, უხერხულად იგრძნო თვი კოლეგების წინაშე, მის ავტორიტეტს ჩემს თვალში წყალი რომ შეუდგა. ბოლოს ისიც მოლბა :
-წადით და მოძზებნეთ ის ქალბატონი.
ამის თქმა იყო და დასვენებაზე დავთანხმდი. ჩემს ოთახში ცოტა წავუძინე კიდეც. როცა გავიღვიძე, დედა-როზა იქვე იჯდა, ღიმილიანი შემომცქეროდა. 
-ყოჩაღ ოსკარ,შენსას მიაღწიე. ამათ კარგი ალიყურიც აგემე, მაგრამ შედეგად რა მივიღეთ, თუ იცი ? ახლა ჩემი შურთ !
-დარდი ნუ გაქვთ
-ისინი ძალიან ყოჩაღები არიან, ოსკარ , მართლაც რომ გულითადი ადამიანები
-არ მაინტერესებს
-მითხარი, რას ერცი !
-ექიმმა ჩემს მსობლებს უთხრა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ მიწერია. მათ კი გაქცევით უშველეს თავს. მძულს ისინი 
 ( დედა-როზასაც ყვეალფერი ისე წვრილად მოვუყევი როგორც შენ, ღმერთო )
-ჰმ,-წამოიწყო დედა-როზამ- ეს ამბავი ბეთიუნის ორთაბრძოლას მაგონებს, სადაც სარა იუპ ლა ბუმს დავეტაკე. იყო ასეთი ქეჩისტი, სხეულს ზეთით იპოხავდა, რინგის ნამდვილი მახრჩობელა გველი გახლდათ, თითქმის დედიშობილა პაექრობდა; ხელს ვერსად ჩაავლებდი, როგორც კი შეეხებოდი, უმალ დაგისხლტებოდა. ბეთიუნში უყვარდა ორთაბრძოლა. ყოველ წელს ქალაქის თასი ხელში ეჭირა. მეც მომინდა ჯილდოსთვის ხელი გამომეკრა.
-როგორ მოახერხეთ , დედა-როზა ? 
-როგორც კი რინგზე გავიდა, ჩემმა მეგობრებმა ფქვილი შეაყარეს. წარმოიდგინე ზეთი და ფქვილი ერთად? ლამაზად კი მოვკაზმეთ! მერე კი სამიოდე კისრული და ერთი-ორი მოგვერდი დამჭირდა, რომ ხალიჩაზე გამეგოებინა ის შე ნი მოწონებული სარა იუპ ლა  ბუმი, ჩემთან დამარცხების შემდეგ კაციშვილი აღარ უწოდებდა რინგის უხსენებელს, არამედ ორცხობილაში შემწვარ ვირთევზას ეძახდნენ
-მაპატიეთ,დეა-როზა, მაგრამ ამ ორ ამბავს შორის საერთოს ვერ ვხედავ
-მე კი მშვენივრად ვხედავ. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ოსკარ. ყოველთვის აგდია სადღაც ერთი ტომარა ფქვილი. კარგი იქნებოდა, ღმერთისთვის მიგეწერა. ის ჩემზე გაცილებით ძლიერია. 
-კეტჩიც ? 
-აბა რა. შენ წარმოიდგინე, ამ საქმესაც მშვენივრად ართმევს თავს. ოდნავ მაინც ეცადე, ჩემო პატარა ოსკარ. რამ გატკინა ყველაზე ძლიერ გული? 
-ვერ ვიტან ჩემს მშობლებს
-მასინ შეიძულე ისინი უფრო მეტად .
-ამას თქვენ მეუბნებით,დედა-როზა ? 
-დიახ , მე. შეიძულე ისინი ძლიერ, ძლიერ. ეს სიძულვილი საღრღნელი ძვალივით იქნება შენთვის. როცა ძვლის ღრღნას მორჩები, მიხვდები, რომ ჩიტი ბრდღვნად არ ღირდა. მოუყევი ყველაფერი ღმერთს და სთხოვე, ერთხელ მაინც გინახულოს. 
-ღმერთი გადაადგილდება ? 
-თვისებურად..ხშირად არა, რა თქმა უნდა! შეიძლება ითქვას იშვიათდ.
-რატომ, ისიც ავადაა ? 
აქ მის ამოხვნეშაზე მივხვდი, არც შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უნდა შეშურდეს კაცს, მაგრამ დედა-როზამ ეს ცოცხალი თავით არ აღიარა.
-ოსკარ, მშობლებს შენთან ღმერთზე არასდროს ულაპარაკიათ? 
- შემეშვით რა, ჩემი მშობლები მხდლები არიან. 
- რა თქმა უნდა, მაგრამ შენთან ღმერთზე კრინტიც არ დაუძრავთ? 
- კი, მხოლოდ ერთხელ და ისიც იმის სათქმელად, რომ მისი არ სწამთ. მათ მხოლოდ თოვლის ბაბუის არსებობის სჯერათ. _ ნუთუ ასეთი შტერები არიან, ჩემო პატარა ოსკარ?
-აბა! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ! იმ დღეს სკოლიდან რომ დავბრუნდი და პირში მივახალე ორივეს, კმარა სისულელეების როშვა-მეთქი, არც მე და არც ჩემს ძმაკაცებს ერთი წამითაც არ გვჯერა იმ თეთრწვერა ბებრუხანას არსებობა-თქო, ისეთი გამომეტყველება მიიღეს, გეგონებოდა მთვარიდან ეს-ესაა ფეხი ჩამოდგესო. გავცოფდი იმის გაფიქრებაზე, როგორ გავიმასხარავებდი თავს, სკოლის ეზოში მათი მონაჩმახი რომ მომეყოლა. აქ იფიცეს, გონებაშიც კი არ გაგვივლია შენი მოტყუებაო. პირიქით, ჩვენ გვწამდა მისი არსებობის და ახლა ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, თოვლის ბაბუას ამბავი მტკნარი სიცრუე რომ აღმოჩნდაო. გიმეორებთ, დედა-როზა, ორი ჩამოყალიბებული ბრიყვია და მეტი არაფერი. 
-მოკლედ რომ მოვჭრათ, ღმერთის არ სწამთ? 
-არა. 
-მერე ამან არ დაგაინტერესა ? 
-ახლა იმის გარკვევას თუ დავიწყებ, რას ფიქრობენ ბრიყვები, სადღა დამრჩება დრო, ჭკვიანი ადამიანების აზრებით დავინტერესდე. 
-მართალი ხარ. მაგრამ თუ შენი მშობლები სულელები არიან და ამას თავადაც ადასტურებ...
- ორი ზრდასრული კრეტინი, დედა-როზა, ნუთუ ვერ გაიგეთ? 
-ერთი სიტყვით, თუ შენი მშობლები ცდებიან და ღმერთის არ სწამთ, თავად შენ რად არ ირწმუნებ მის არსებობას და არ შესთხოვ, გეწვიოს? 
-თანახმა ვარ, მაგრამ თქვენ არ მითხარით, იშვიათად გადაადგილდებაო? 
-არა, მას სტუმრობის თავისებური მანერა ახასიათებს. შეიძლება გონებაში გამოგეცხადოს, ან თუნდაც ფიქრებში. დედა-როზას ნათქვამი ძალიან მომეწონა. უკეთეს არგუმენტს კაცი ვერ მოიფიქრებდა. დედა-როზამ დასძინა: 
-აი, ნახავ, მის მობრძანებას დიდი შვება მოაქვს ადამიანებისთვის. 
-კეთილი, გავესაუბრები ამის შესახებ. ჯერჯერობით კი მხოლოდ თქვენს მობრძანებას მოაქვს ჩემთვის შვება.
დედა-როზას გაეღიმა და თითქმის მორცხვად გადმოიხარა ჩემსკენ, ლოყაზე რომ ეკოცნა. ბოლომდე მაინც ვერ გაბედა. თვალებით მთხოვდა ნებართვას. 
-მოდით, დედა-როზა… მაკოცეთ. სხვებს არ ვეტყვი, ყოფილი კეტჩისტრის რეპუტაციას ჩრდლის ხომ არ მივაყენებ. 
ლოყაზე მისი ლოყების შეხება ვიგრძენი. მესიამოვნა. მისი სითბო ჩემში გადმოიღვარა. ცოტა მომეღიტინა კიდეც. დედა-როზას ფერ-უმარილისა და საპნის სუნი ასდიოდა. 
-როდის დაბრუნდებით? 
-მე კვირაში მხოლოდ ორჯერ მოსვლის უფლება მაქვს. 
-შეუძლებელია, დედა-როზა, სამი დღე რა მოიცდის! 
-ეს საავადმყოფოს შინაგანაწესია. 
-ვინ თხზავს ამ წესებს? 
-ექიმი დიუსელდორფი. 
-ექიმ დიუსელდორფს ამ ბოლო დროს ჩემს დანახვაზე შარვალში ეპარება. წადით და სთხოვეთ ნებართვა. მე სულაც არ ვხუმრობ. 
დედა-როზამ ეჭვის თვალით შემომხედა. 
-გიმეორებთ, მე არ გეხუმრებით. თუ ყოველდღე არ მოხვალთ, ღმერთისთვის წერილის მიწერაზე უარს ვაცხადებ. 
-შევეცდები.
როგორც კი დედა-როზა გავიდა, ტირილი დავიწყე.დრე ვერ ვხვდებოდი, როგორ მჭირდებოდა დახმარება. ვერ გამეაზრებინა ჩემი ავადმყოფობის სიმძიმე. იმის გაფიქრებამ კი, რომ დედა-როზას სამი დღე ვერ ვნახავდი, ყველაფერი ცხადად დამანახა. ეს ცრემლებიც, ლოყებს რომ მიწვავდა, ამის გამო წამომცვივდა. საბედნიეროდ, დედა-როზას დაბრუნებამდე მეყო დრო, თავი ხელში ამეყვანა.
-საქმე მოვაკვარახჭინე… არის ნებართვა; თორმეტი დღის მანძილზე ყოველდღე შემიძლია შენს სანახავად მოსვლა. 
-მხოლოდ და მხოლოდ ჩემს სანახავად? 
-მხოლოდ და მხოლოდ შენს სანახავად, ოსკარ. 12 დღე. არ ვიცი, რა დამემართა, ცრემლების ნაკადი ისევ მომაწვა. ისევ ზლუქუნი მოვრთე. მშვენივრად ვიცი, რომ ბიჭებს ტირილი არ შეშვენით, განსაკუთრებით კი მე, კვერცხთავა არსებას, არც ბიჭს რომ არ ჰგავს და არც გოგოს, უფრო მარსის ბინადარს რომ მიამსგავსებ, ვერაფერი გავაწყვე, ვერ შევძელი გრძნობბის მოტოკვა.
-ტორმეთი დღე ? ნუტუ საქმე ასე ცუდადაა, დედა-როზა ? 
დედა-როზაც წკიპზე იყო. ცოტაც და ცრემლად დაიღვრებოდა. ორჭოფობდა. მასში ყოფილი ქეჩისტი გულჩვილ, ნაზ ქალს ებრძოდა. საყურებლად მშვენიერი სცენა გამოდგა და, ცოტა არ იყოს, გავერთე კიდეც. 
- რა დღეა დღეს, ოსკარ? 
-რა შეკითხვაა! განა ვერ ხედავთ ჩემს კალენდარს? 19 დეკემბერია. 
-ჩემს ქვეყანაში გავრცელებული ლეგენდის თანახმად, წლის ბოლო თორმეტი დღის მიხედვით ადამიანებს მომავალი 12 თვის ამინდის წინასწარმეტყველება შეუძლიათ. საკმარისია, დღეს მინიატურაში დააკვირდე, მთელი თვის სურათი რომ წარმოგიდგეს. 19 დეკემბერი იანვრის თვეს შეესაბამება, 20 დეკემბერი თებერვალს და ასე შემდეგ 31 დეკემბრამდე, რომელიც მომავალი წლის დეკემბერს წარმოადგენს. 
-ნუთუ ეს მართალია? 
-ეს მხოლოდ ლეგენდაა იდუმალებით აღსავსე თორმეტი დღის შესახებ. მოდი, ჩვენც ვითამაშოთ. ალბათ, ეს თამაში შენ უფრო გეხება. ამიერიდან ყოველ ცისმარე დღეს დააკვირდები; გონებაში კი აღნიშნავ, რომ ყოველი მზის ამოსვლა შენთვის 10 წლის ტოლფასია. 
-ათი წლის?
-დიახ, ერთი დღე 10 წელს უდრის. 
-გამოდის, თორმეტ დღეში 130 წლის გავხდები.
-მაშ! წარმოგიდგენია?! 
დედა როზამ მაკოცა, მგონი, კოცნას გემო გაუგო. შემდეგ კი დამტოვა.
ასე და ამგვარად, ღმერთო, ამ დილით დავიბადე, მაგრამ კარგად ვერ გავიაზრე ეს ამბავი. შუადღისთვის, როცა 5 წელი შემისრულდა, ყველაფერი ბევრად უფრო ნათელი გახდა. სიბრძნე მომემატა, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს კარგი ამბების შეტყობას. ამ საღამოს 10 წელი მომიკაკუნებს და ეს უკვე გონიერების ასაკის დადგომას ნიშნავს. ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს ერთი თხოვნით მოგმართო: როცა ჩემთვის რამე სათქმელი გექნება, იყავი უფრო ლმობიერი. ისე მოულოდნელად ნუღარ მაუწყებ, როგორც შუადღისას, 5 წლის ასაკში მომექეცი.
აბა ხვალამდე გკოცნი ოსკარი
P.S.
იდევ ერთი სათხოვარი მაქვს. ვიცი, მხოლოდ ერთი სურვილით შემიძლია მოგმართო, მაგრამ წეღან რაც მოგწერე, უფრო რჩევას გავდა. 
თანახმა ვარ ერთ პატარა ვიზიტზე, ოღონდ გონებაში. ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავი უნდა იყოს. როგორ მინდა, ერთხელ მაინც მეწვიო.მიღების საათები დილის რვიდან საღამოს ცხრა საათამდე მაქვს, სხვა დროს მძინავს .სამკურნალო პროცედურების გამო დღის განმავლობაში შიგადაშიგ წავუძინებ ხოლმე. თუ შენი ვიზიტი ასეთ დროს დაემთხვა, არ მოგერიდოს და გამაღვიძე. რა სამწუხარო იქნება, ამის გამო რომ ერთმანეთს ავცდეთ, არა?"


თაკომე

3 comments: