ძვირფასო ღმერთო, დღეს პეგი ბლუს ოპერაცია გაუკეთეს. მე ათი საშინელი წელიწადი გადავიტანე, მძიმეა 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა. უამრავი საზრუნავისა და პასუხსმგებლობის ასაკია.
წუხელ პეგიმ ჩემთან მოსვლა ვერ მოახერხა. ღამის მორიგე ექთანი, ქალბატონი დიუკრო დარჩა მასთან, ანესთეზიისათვის რომ მოემზადებინა. საოპერაციოში დილის 8 საათზე საკაცით გაიყვანეს. გული შემეკუმშა, ჩემს წინ რომ ჩაატარეს. ისეთი ჩია და გამხდარია,ზურმუხტისფერი ზეწრის ქვეშ ვერც კი შეამჩნევდი. დედა-როზამ ხელი ჩამჭიდა, რომ განცდებს მოვრეოდი. -დედა-როზა, როგორ დაუშვა იმ თქვენმა ღმერთმა, რომ ჩემი და პეგისნაირი ადამინები, საერთოდ არსებობენ!
-საბედნიეროდ თქვენ მოგავლინათ ამ ქვეყნად, ჩემო პატარა ოსკარ, თორემ უთქვენოდ ცხოვრება უღიმღამო იქნებოდა.
- არა, თქვენ ვერ გამიგეთ; რატომ უშვებს ღმერთი, რომ ათასნაირი სნეულება შეგვეყაროს? ან ბოროტია ან კიდევ სულაც არ არის ყოვლისშემძლე. _
-ოსკარ, სენი შეიძლება სიკვდილს შევადაროთ; ეს მხოლოდ მოსალოდნელი შემთხვევაა და არა სასჯელი.
-გეტყობათ ავად რომ არ ხართ !
-შენ რა იცი, ოსკარ?
ამაზე ვეღარ შევეპასუხე. რას წარმოვიდგენდი, რომ დედა-როზას, ასეთ ყურადღებიანსა და დაუზარელს, შეიძლებოდა რამე პრობლემებიც ჰქონოდა. _
-ნურაფერს დამიმალავთ დედა-როზა, ყველაფერი შეგიძლიათ გამანდოთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უკვე 32 წლის კაცი ვარ, კიბოთი სნეული. ცოლი კი საოპერაციოში მიწევს. ასე რომ მშვენივრად ვიცნობ ცხოვრებას. _
-მიყვარხარ, ოსკარ.
- მეც. რა შემიძლია ტკივილი შეგიმსუბუქოთ ? გინდათ, გიშვილოთ? _
-მიშვილო?
- ჰო, ბერნარი ხომ უკვე ვიშვილე,როცა სევდა შემომაწვა. _
-ბერნარი?
- ჩემი დათუნია. აი იქ, კარადის თაროზე რომ დევს. ეს ჩემი ძველი დათუნიაა, არც თვალი აქვს, არც პირი და არც ყური. ნახევრად გამოშიგნულია და ჭრილობებით დასერილი. ცოტათი თქვენ გამსგავსებთ. იმ საღამოს ვიშვილე, ჩემმა ჩერჩეტმა დედ-მამამ ახალი რომ მომიტანეს. თითქოსდა დავთანხმდებოდი ახალ დათუნიას. ისღა დარჩენიათ,სანამ მარტონი არიან,ახალი პატარა ძმით ჩამანაცვლონ ! ჰოდა, ამ ამბის გამო ბერნარი ჩემი შვილობილი გახდა. მთელ ჩემს ქონებას მას დავუტოვებ. მსურს, თქვენც გიშვილოთ. რა თქმა უნდა, თუ ეს დაგამშვიდებთ.
- რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. ეს სიმშვიდეს მომგვრიდა, ოსკარ. _
-მაშინ მოიტათ ხელი, დედა-როზა. შემდეგ პეგის ოთახის მოსამზადებლად გავეშურეთ. მსურდა, დაბრუნებისას შოკოლადი და ყვავილები დახვედროდა. მერე მეძინა. წარმოუდგენელია პირდაპირ, რამდენი მძინავს ბოლო დროს.
საღამოს დედა-როზამ გამაღვიძა. მითხრა, პეგი ბლუ თავის ოთახშია და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარაო. სანახავად ერთად წავედით. მშობლები პეგის სასთუმალთან იდგნენ. არ ვიცი, ვინ გააფრთხილა ისინი – დედა-როზამ თუ პეგიმ, მაგრამ გამომეტყველებაზე შევატყვე, ჩემი არსებობის შესახებ მშვენივრად რომ უწყოდნენ. ღრმა პატივისცემით მესაუბრნენ. სკამი შუაში ჩადგეს და ამგვარად მეც შევძელი ავადმყოფ მეუღლეს სიდედრ-სიმამრთან ერთად თავზე დავდგომოდი. კმაყოფილი ვიყავი. პეგის კანს ოპერაციის შემდეგ ცისფერი ელფერი არ დაეკარგა. ექიმმა დიუსელდორფმა შემოიარა და წარბების ფხანით გამოგვიცხადა, პეგი უახლოს რამდენიმე საათში ფერს იცვლისო. სიდედრს გადავხედე. ცისფერი არ არის, მაგრამ მაინც ლამაზია. გავიფიქრე, ჩემს ცოლს, პეგის შეეძლო ნებისმიერი მისთვის სასურველი ფერი ჰქონოდა. მე ხომ ის მაინც მეყვარებოდა.
პეგიმ თვალები გაახილა. მე და მის მშობლებს მზერა შეგვავლო, მერე კი ისევ ძილს მიეცა. მისი მშობლები თავს მშვიდად გრძნობდნენ, მაგრამ ამასობაში მათი წასვლის დროც დადგა.
-ჩვენი ქალიშვილი თქვენთვის მოგვინდია, – გამომიცხადეს, – ვიცით, რომ თქვენი იმედი ნამდვილად შეიძლება გვქონდს! დედა-როზასთან ერთად მანამდე ვიცადე, სანამ პეგი ხელმეორედ გაახელდა თვალებს; შემდეგ კი ჩემს ოთახში დავბრუნდი, ცოტა რომ დამესვენა. წერილის დასასრულს ვხვდები, რომ საბოლოო ჯამში ოჯახში გატარებული დღევანდელი დღე მშვენიერი იყო. ვიშვილე დედა-როზა; სიმპათიებით გავიმსჭვალე სიდერ-სიმამრის მიმართ; დამიბრუნდა საღ-სალამათი ცოლი; ის კია, რომ 11 საათისთვის ვარდისფერი გადაეფინა.
ხვალამდე, გკოცნი
ოსკარი
P.S. დღეს არაფერს გთხოვ, შეგიძლია, დაისვენო.
Takome
No comments:
Post a Comment