ძვირფასო ღმერთო, დღეს განვლო მოზარდობის პერიოდმა და მინდა გითხრა, რომ უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. ეს რა ამბავი დატრიალდა! ქვეყნის უსიამოვნება მქონდა ძმაკაცებთან და ეს ყველაფერი _ გოგონების გამო. სულაც არ ვარ უკმაყოფილო, ამ საღამოს 20 წელი რომ შემისრულდა. შვებით ამოვისუნთქე და ყველაზე მძიმე პერიოდი წარსულს ჩაბარდა- თქო, ჩემთვის ვთქვი. გარდატეხის ასაკი ერთხელ -კი ბატონო, მაგრამ ორჯერ? არა, გმადლობთ.ღმერთო, ჯერ ის მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს სანახავად არ მოხვედი. დღეს ცოტა მეძინა, ამ მომწიფების პრობლემების გადამკიდე…. ასე რომ, ვერანაირად აგცდებოდი. ამას გარდა, კიდევ ერთხელ გიმეორებ, თუ ხვრინვა ამოვუშვი, შემანჯღრიე, რა.
გავიღვიძე და დავინახე, რომ დედა-როზა უკვე მოსულიყო. სანამ ვსაუზმობდით, ბელგიელ ქეჩისტთან, ტეტონ რუაიალთან გამართული ორთაბრძოლების შესახებ მიყვებოდა. თურმე ყოველდღე სამ კილო უმ ხორცს ნთქავდა და ზედ ერთ კასრ ლუდს აყოლებდა. როგორც ჩანს, ტეტონ რუაიალის ყველაზე ძლიერი წერტილი მისი სუნთქვა ყოფილა. ხორც-ლუდის ფერმენტაციის შედეგად ისეთი სიმყრალე ამოსდიოდა თურმე მუცლიდან, რომ მოწინააღმდეგეები მოცელილი ბალახივით იკეცებოდნენ ხალიჩაზე. დედა-როზა იძულებული გახდა, ტეტონის წინააღმდეგ საგანგებო ტაქტიკა შეემუშავებინა. თავზე თურმე ლავანდის სუნით გაჟღენთილი ჩაფხუტი წამოიცვა და ბურელ დე კარპენტრასი დაირქვა. დედა-როზა სულ ამბობს : ქეჩში ტვინი თუ არ გაანძრიე, წასულია შენი საქმე. _
-ვინმე თუ გიყვარს, ოსკარ?
-სად? აქ, საავადმყოფოში? _
-ჰო. _ ბეკონი, აინშტაინი, პოპკორნი. _-
-გოგონებიდან?
ამ კითხვამ ცოტა არ იყოს საგონებელში ჩამაგდო.სულაც არ ვაპირებდი პასუხის გაცემას. დედა-როზა კი ელოდა. არადა, საერთაშორისო რანგის კეტჩისტის წინ დიდხანს ჯამბაზობა არ გამოვა.
-პეგი ბლუ.
პეგი ბლუ ცისფერი გოგონაა, დერეფნის სიღრმეში, ბოლოს წინა ოთახში ცხოვრობს. ყოველთვის თავაზიანი ღიმილი აფენია, მაგრამ ხმას თითქმის არასდროს იღებს. თითქოს კეთილი ფერია იყოს, სულის მოსათქმელად საავადმყოფოში რომ შემოირბინა. პეგის რთული სენი ჭირს, ე.წ. ცისფერი ავადმყოფობა. მის ფილტვებს სისხლი აღარ მიეწოდება და სადღაც იჭედება. ამის გამო მთელს მის კანს ცისფერი დაკრავს. ოპერაციას ელოდება, რომლის შედეგადაც ვარდისფერი გახდება. ჩემი აზრით, ფრიად დასანანი იქნება. ცისფერი პეგი ბლუ ბევრად უფრო მომწონს, გარშემო უსაზღვრო სინათლესა და სიჩუმეს აფრქვევს. როცა ვუახლოვდები, მგონია, რომ სამრეკლოში შევდივარ.
-უთხარი?
- ხომ არ დავერჭობი მის წინ და ხომ ვერ ვეტყვი: პეგი ბლუ, მომწონხარ –თქო. _ რატომაც არა? ვითომ რატომ ვერ ეტყვი? _
- ჯერ ერთი, ისიც არ ვიცი, ჩემი არსებობა საერთოდ თუ შეუმჩნევია. _
-ჰოდა, ეს კიდევ ერთი საბაბია, რომ უთხრა. _
-ალბათ თქვენ ჩემი სიფათისთვის არ შეგიხედავთ! ძალიან უნდა უყვარდეს უცხოპლანეტელები, თავი რომ მოვაწონო. ამაში კი ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული. _
-მე კი მიმაჩნია, რომ ერთობ სიმპათიური ვინმე ხარ, ოსკარ.
... აქ დედა-როზა ცოტა არ იყოს შეყოვნდა. სასიამოვნოა, როცა შენზე მსგავსი რამეები გესმის, სასიამოვნო ჟრუანტელი გივლის ხოლმე ,მაგრამ, აღარ იცი, რა უპასუხო. _
-მე მხოლოდ ჩემი სხეულით მსურს პეგი ბლუ მოვნუსხო.!
- რა გრძნობებს გიღვიძებს პეგი ბლუ? _
-სურვილი მიჩნდება, მოჩვენებების შემოსევისგან დავიცვა. _
-რაო? აქ რა, მოჩვენებები ბინადრობენ?
-ჰო, ღმერთმა იცის რატომ გვაღვიძებენ ყოველ ღამე. ისე იბწკინებიან, საშინლად გვტკივა ხოლმე; თანაც გვეშინია, რადგან უჩინრები არიან. ადვილი კი არ არის, მერე ისევ ჩაიძინო. _
-ხშირად ,მოდიან მოჩვენებები? _
-ჩემთან არა. ხომ იცით, როგორი ღრმა ძილით მძინავს. სამაგიეროდ, ღამით პეგი ბლუს ყვირილი მესმის. ძალიან მინდა, დავიცვა.
-მიდი და უთხარი მერე.
-ასეა თუ ისე, ამას ვერ გავაკეთებ. ღამე ოთახის დატოვების უფლებაც კი არ გვაქვს. ასეთია შინაგანაწესი. _
-მოჩვენებებმა იციან, რას ნიშნავს შინაგანაწესი? ცხადია, არა… ცოტა ეშმაკობას უხმე. თუ გაიგეს, როგორ გამოუცხადე პეგის, მოჩვენებებისგან დასაცავად მის კართან დარაჯობას რომ აპირებ, განა გაბედავენ ამ საღამოს მოსვლას?
-ჰოოო…. _
-რამდენი წლის ხარ ოსკარ? _
-არ ვიცი, რომელი საათია?
-ათი, მეთხუთმეტში გადადექი. ნუთუ არ ფიქრობ, რომ დადგა დრო, გეყოს გამბედაობა და საკუთარ გრძნობებზე პასუხი აგო?
თერთმეტის ნახევარზე გადაწყვეტილება მივიღე და პეგი ბლუს ოთახისკენ გავემართე. კარი ღია იყო. _
-გამარჯობა პეგი, მე ოსკარი ვარ
. საწოლზე იყო მიწოლილი. გეგონებოდა, მშვენიერი პრინცის მოლოდინში გარინდული ფიფქიააო. იმ ბრიყვ ჯუჯებს კი მკვდარი ეგონათ. მართლა ფიფქიას ჰგავდა. წარმოიდგინე ფოტოზე აღბეჭდილი ქათქათა თოვლი, ოდნავ ცისფერი რომ გადაჰკრავს.
ჩემსკენ შემობრუნდა. მე კი ჩემთვის გავიფიქრე, ნეტავი რომელი ვგონივარ, მშვენიერი პრინცი თუ ჯუჯა-მეთქი. მის ადგილას მე ”ჯუჯას” ავირჩევდი კვერცხის ფორმის თავის ქალის გამო, მაგრამ პეგის ხმა არ ამოუღია და ძალიანაც კარგი. მასთან ურთიერთობისას სწორედ ისაა შესანიშნავი, რომ ყოველთვის დუმს და ყველაფერი იდუმალი რჩება. _
-მოვედი, რათა გაუწყო ჩემი გადაწყვეტილება. ამ საღამოს კარებთან დარაჯად უნდა დაგიდგე და მოჩვენებებისგან დაგიცვა. ასე იქნება ამიერიდან, თუ, რა თქმა უნდა, საწინააღმდგო არაფერი გაქვს.
პეგიმ შემომხედა და წამწამები დააფახულა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შენელებულ ფილმს ვუყურებდი. ჰაერი კიდევ უფრო ჰაეროვანი გახდა, სიჩუმე – კიდევ უფრო უტყვი. მეგონა, წყლის ზედაპირზე მივაბიჯებდი. და იდუმალი წარმოშობის სინათლით გაბრდღვიალებულ მის საწოლს ტუ მივუახლოვდებოდი, ყველაფერი ფერს იცვლიდა....
-ერთი წუთით, კვერცხთავავ, შენ კი არა, მე დავიცავ პეგის!
კარის ჭრილში პოპკორნი იდგა, უფრო სწორად, მთლიანად ავსებდა მას. კანკალი ამივარდა. უდავოა, რომ პოპკორნმა თუ ითავა დაცვა, რად უნდა ლაპარაკი , ვერცერთი მოჩვენება ვერ შემოძვრება ოთახში. პოპკორნმა პეგის თვალი ჩაუკრა. _
-რას იტყვი პეგი, მე და შენ ხომ მეგობრები ვართ? პეგიმ მზერა ჭერს მიაპყრო. პოპკორნმა ეს თანხმობად ჩათვალა და გარეთ გამათრია.
- თუ გოგოს ეძებ, სანდრინთან მიბრძანდი. პეგი ხელშეუხებელი ნაკრძალია! _
-რა უფლებით? _
-იმ უფლებით, რომ მე ვიყავი აქ შენზე ადრე. თუ უკმაყოფილო ხარ, მოდი, ვიჩხუბოთ.
- მართალი გითხრა, მეტისმეტად კმაყოფილიც კი ვარ!
ცოტა დაღლა ვიგრძენი და დასასვენებლად სათამაშოების ოთახს მივაშურე. ბედი არ გინდა?! სანდრინი სწორედ იქ აღმოჩნდა. მასაც ჩემსავით ლეიკემია სჭირს, მაგრამ, როგორც სჩანს, მისი მკურნალობა უფრო შედეგიანია. ჩინელს ეძახიან რადგან შავ, სრიალა, მბზინვარე პარიკს ატარებს და შუბლზე ჩამოყრილი თმით ძალიან ჰგავს ჩინელს. სანდრინმა შემომხედა და გაბერილი საღეჭი რეზინა გახეთქა. _
-თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია, მაკოცო. _
-ვითომ რატომ? საღეჭი რეზინა აღარ გყოფნის?
- კოცნის თავი სად გაქვს, საცოდავო! ეჭვიც არ მეპარება, არც კი იცი, როგორ უნდა! _
-ოო, როგორ გამაცინე! თხუთმეტი წლის ასაკში, დარწმუნებული ბრძანდებოდე, გოგოსთვის არაერთხელ მიკოცნია.
- შენ რა, მართლა თხუთმეტის ხარ? – მკითხა ყბაჩამოვარდნილმა.
მე საათზე გადავმოწმე.
-დიახ, თხუთმეტს უკვე გადავაბიჯე.
-სულ ოცნებად მქონდა, 15 წლის მამაკაცს ეკოცნა ჩემთვის. _
-რასაკვირველია, ეს ასაკი უფრო მაცდურია – დავეთანხმე ჩემის მხრივ.
ამ დროს საშინლად დაიმანჭა და დაბერილი ტუჩები წინ გამობურცა; გინახავს შუშას მიჭყლეტილი წურბელა?! მივხვდი, რომ ჩემგან კოცნას ელოდა. უკან მოვიხედე და უკლებლივ ყველა ჩემი ძმაკაცი დავინახე, ყურადღებით რომ გვითვალთვალებდნენ. უკან დასახევი გზა მოჭრილი მქონდა. დადგა დრო, ჩემი მამაკაცობა დამემტკიცებინა.
მივუახლოვდი და ვაკოცე. სანდრინმა მკლავები შემომაჭდო და განძრევის საშუალება არ მომცა. მლოშნა და მლოშნა. პირში გაუფრთხილებლად შემომიგდო თავისი საღეჭი რეზინა, რომელიც მოულოდნელობისგან გადამეყლაპა. გავცოფდი სიმწრისგან. ამ დროს ზურგზე ვიღაცის ხელის მოთათუნება ვიგრძენი. ერთი უბედურება ხომ მეორის გარეშე არ იქნება !ჩემი მშობლები მობრძანდნენ. სულ ამომივარდა მეხსიერებიდან, კვირა დღე რომ იყო.
-ოსკარ, შენ მეგობარ გოგონას ხომ არ გაგვაცნობ? _
-ეს არ არის ჩემი მგობარი! _
-მაინც გაგვაცანი, რა. _
-ეს სანდრინია, ესენი კი ჩემი მშობლები არიან, სანდრინ.
- აღფრთოვანებული ვარ თქვენი გაცნობით – თქვა ჩინელმა და სახე დაიტკბო. ......ერთი სული მქონდა, ყელში ვწვდომოდი და დამეხრჩო.
- წინააღმდეგი ხომ არ იქნები, სანდრინი ჩვენთან ერთად რომ წამოვიდეს ოთახში? _
-ვიქნები! სანდრინი აქ დარჩება.
ლოგინში როგორც კი აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ დავიქნცე. ცოტა ხანს მეძინა. ყოველ შემთხვევაში, მშობლებთან ლაპარაკის სურვილი არ მქონდა. გაღვიძებისას ვნახე, რომ საჩუქრები მოეტანათ. მას შემდეგ, რაც მუდმივად საავადმყოფოში ვცხოვრობ, მშობლებს ჩემთან საუბარი უჭირთ. სანაცვლოდ საჩუქრები მოაქვთ და ყოველ ჯერზე გულისამრევ ნაშუადღევს თამაშის საექსპლუატაციო წესების კითხვაში ვკლავთ. ამ საქმეში მამაჩემი საოცრად გაბედულია. არც ჩინური და იაპონური ინსტრუქციების წინაშე იტეხს იხტიბარს. სხვა თუ არაფერი, სქემას მაინც ჩაებღაუჭება ხოლმე. ჩაფლავებული ნაშუადღევების უცილობელი მსოფლიო ჩემპიონია.
დღეს კომპაქტური ფირფიტების დასაკრავი მომიტანა. სურვილიც რომ გამჩენოდა, აუგს ვერ ვიტყოდი. _
-შემთხვევით გუშინ ხომ არ მოსულხართ? _
-გუშინ? რატომ უნდა მოვსულიყავით? ხომ იცი, ჩვენ მხოლოდ კვირაობით შეგვიძლია. რატომ იკითხე ოსკარ? _
-სადგომზე ვიღაცამ თქვენს მანქანას მოჰკრა თვალი. _ ჩვენს გარდა სხვებსაც ჰყავთ წითელი ჯიპი….. თანაც, ხომ იცი, ფერები ცვალებადია....
-ფერები -კი, მაგრამ, სამწუხაროდ, მშობლები -არა.
ამის გაგონებაზე ორივე ადგილზე გაქვავდა. მე კიდევ ავიღე ფირფიტების დასაკრავი და ”მაკნატუნას” მათ ცხვირწინ ორჯერ ზედიზედ, პაუზის გარეშე მოვუსმინე. ორი საათის მანძილზე ერთი სიტყვაც კი ვერ ამოღერღეს. ახია მაგათზე!
-მოგწონს? _
-ჰო. მეძინება.
მიხვდნენ, რომ უნდა წასულიყვნენ; ძალიან უხერხულად კი გრძნობდნენ თავს. აღარ იცოდნენ, რა მოემოქმედათ. ვხვდებოდი, რომ სათქმელი უამრავი ჰქონდათ, მაგრამ ხმა ვერ ამოეღოთ; კარგი სანახავი კი იყო მათი ტანჯვის ყურება.
ბოლოს დედაჩემი ჩემსკენ გამოქანდა, გულში მაგრად ჩამიკრა და აკანკალებული ხმით მითხრა:
-მიყვარხარ, ჩემო პატარა ოსკარ! მე შენ ისე ძლიერ მიყვარხარ!
მინდოდა, მისი მკლავებისაგან თავი დამეხსნა, მაგრამ გადავიფიქრე.ალერსით სავსე წარსული გამახსენდა, როცა დედაჩემი ისე უბრალოდ მეფერებოდა, დარდიანი ხმით კი არ მეუბნებოდა, მიყვარხარო.
ამის შემდეგ ცოტა ხნით ისევ ძილმა მძლია.
...... დედა-როზა ჩემპიონია გაღვიძებაში. მაშინ გამოჩნდება ხოლმე ჰორიზონტზე, როცა ის-ის არის გავახელ თვალს. სახეზე ჩვეული ღიმილი გადაეფინება ხოლმე.
-რაო შენმა მშობლებმა ?
- ორი არარაობა! იყვნენ, როგორც ყოველთვის! ერთი კია, ”მაკნატუნა” მომართვეს საჩუქრად.
- “მაკნატუნა”? რა საინტერესოა! ერთ ჩემს დაქალსაც მაკნატუნა ერქვა. უძლეველი ჩემპიონი იყო. მეტოქეებს კისერს პირდაპირ ბარძაყზე უმსხვრევდა. პეგი ბლუ თუ ნახე?
- ნუ მელაპარაკებით ამ თემაზე. პეგი პოპკორნზეა დანიშნული.
- თვითონ გითხრა? _
-არა, პოპკორნმა.
- სისულელეა! _
-არა მგონია. დარწმუნებული ვარ, პოპკორნი უფრო მოსწონს, ვიდრე მე. ის ხომ ღონიერია და მისი იმედი უფრო ექნება.
- გეუბნები, სისულელეა-მეთქი! რინგზე მეც წრუწუნას ვგავდი, მაგრამ ნამდვილ ვეშაპებსა და ჰიპოპოტამებს მოვუგრიხე კისერი. აი, თუნდაც ირლანდიელი პლუმ პუდინგი, უზმოზზე საცვლის ამარა 150 კილოს რომ იწონიდა, სანამ გინესის წიგნში შეიტანდნენ. მარტო ხელები ჰქონდა ჩემი ბარძაყების სისხო, კუნთები _ ძეხვივით დაბერილი; და მერე ფეხებს არ იკითხავ? მთელი დღე რომ გევლო, გარს ვერ შემოუვლიდი. წელი საერთოდ არ ეტყობოდა. ხელს ვერ ჩაავლებდი. ერთი სიტყვით, აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. _
-და თქვენ როგორ გაუსწორდით?
- ხელი თუ ვერ ჩასჭიდე, ეს იმას ნიშნავს, რომ მრგვალია და შეგიძლია აგორავო.იმდენი ვარბენინე; ხვითქი გადასდიოდა. სიქა რომ გასძვრა, ავაყირავე კიდეც ის შენი პლუმ პუდინგი. ოწინარით ძლივს წამოაყენეს ფეხზე. შენ კიდევ, ჩემო პატარა ოსკარ, ძვალი და ტყავი ხარ, მეტი არაფერი. ქალი რომ მოხიბლო, ერთის ფასიც კაპიკია და მეორისაც. მთავარი გულიდან გადმოღვრილი გრძნობებია. შენი გული კი სავსეა მსგავსი ფასეულობებით.
- ჩემი?! _
-წადი, ნახე პეგი ბლუ და უთხარი რაც გულზე გაწევს.
- ცოტა დაღლილი ვარ. _
-დაღლილი? რამდენი წლის შესრულდი ამ საათისთვის? აჰ, თვრამეტის! ამ ასაკში არ იღლებიან!
დედა-როზა ისე ლაპარაკობს, რომ ძალ-ღონიტ გავსებს ხოლმე. ამასობაში ღამეც ჩამოწვა. სიბნელეში ხმაური უფრო მჭახედ ისმოდა. დერეფანში დაგებული ლინოლიუმი მთვარის შუქს ირეკლავდა. პეგის ოთახში შევედი და დასაკრავი გავუწოდე.
-აჰა, გამომართვი. ,,ფიფქების ვალსს” მოუსმინე…. ისეთი ლამაზია, შენ გამახსენდი.
ღიმილით უსმენდა პეგი ,,ფიფქების ვალსს” გეგონებოდა, მუსიკა მისი დიდი ხნის მეგობარი იყო და ყურში სასაცილო ამბებს უჩურჩულებდა. დამიბრუნა დასაკრავი და თქვა:
-ლამაზია!
პირველად ამოიღო ხმა. პირველი სიტყვის კვალობაზე განა არაჩვეულებრივი არ არის? _
-პეგი ბლუ, რაღაც მინდოდა მეთქვა შენთვის. არ მინდა, რომ ოპერაცია გაიკეთო, ისედაც ლამაზი ხარ…. ლამაზი ხარ ზღვისფერი რომ დაგკრავს. ძალიან კარგად შევამჩნიე, რომ ეამა. განგებ არ მითქვამს, მაგრამ, ცხადია, ჩემმა ნათქვამმა სიამოვნება მოჰგვარა.
- ოსკარ, მე მსურს, რომ მხოლოდ შენ დამიცვა მოჩვენებებისგან.
- გქონდეს ჩემი იმედი, პეგი.
ვერ აღგიწერ, ისეთი ამაყი ვიყავი. ბოლოსდაბოლოს, მე გავიმარჯვე.
-მაკოცე!
მინდა გითხრა, რომ კოცნა გოგონების გამოგონილია. ამის გარეშე ვერ ძლებენ. ის კია, რომ პეგი ჩინელისგან განსხვავებით გარყვნილი არ არის. ლოყა მომიშვირა მხოლოდ. მაგრად კი დამცხა, როცა ვკოცნიდი. _
-ღამე მშვიდობისა, პეგი. _
-ძილი ნებისა, ოსკარ.
ასე და ამგვარად ჩაიარა დღევანდელმა დღემ, ღმერთო. მესმის, რომ ჭაბუკობის პერიოდი, გარდამავალს რომ უწოდებენ, ძალიან მძიმეა; 20 წლის თავზე ყველაფერი გვარდება. მაშ ასე, მოგმართავ დღის თხოვნით. ჩემი დიდი სურვილია, მე და პეგი ბლუ დავქორწინდეთ. კარგად არ ვიცი, დაოჯახება სულიერების სფეროს განეკუთვნება თუ არა; ან ეს ნამდვილად შენი ხელობაა ? ასრულებ სურვილებს, რომლებიც უფრო მატრიმონიალურ სააგენტოებს შეეფერება? თუ ეს შენს შესაძლებლობებს აღემატება, უმალ აღიარე, რათა იქ მივაკაკუნო, სადაც შეუძლიათ.
კი არ გაჩქარებ, მაგრამ არც მე მაქვს თავზე საყრელად დრო. ერთი სიტყვით: ოსკარისა და პეგი ბლუს ქორწინება, კი თუ არა? თავად გადაწყვიტე, მე კი მაწყობს, თუ გამოგივა.
აბა, ხვალამდე გკოცნი, ოსკარი
P.S ისე, ჩვენს შორის დარჩეს, არც კი ვიცი რა მისამართზე უნდა მოგწერო.
Takome
No comments:
Post a Comment