Monday, February 6, 2012

nowhere man

                                                     თავი პირველი


    -რაიან, ღამღამობით კნავილი კი უყვარს, მაგრამ როგორმე აიტანე, მარტია და შენც ხო ხვდები... ჰო, ჩემი სახლის გასაღები გაქვს და მისი ბალიში გამოიტანე, სანამ ნივთებს უსახლკაროებს დაურიგებდნენ ჩემი ნათესავები. ჰო, მართალი ხარ რაღა ნათესავები, ერთი ლუსი მამიდაა და მორჩა. რას იღიმი? გირჩევნია მაგ ღიმილით არ დაენახო, თორემ ხო იცი გაუთხოვარია და უკან არაფერზე დაიხევს. სახლში ბაბუაწვერას საჭმელიცაა და წამოიღე, არ დაგავიწყდეს ჭამა უყვარს და ჯამი სულ გაუვსე ხოლმე თუ ძმა ხარ. და კიდევ... არ დასცინო ბაბუაწვერა რომ ჰქვია.
    რაიანმა კარის ზღურბლთან დამჯდარ ნაცრისფერ, ფუმფულა არსებას დახედა. გაღებულ კარში თავაწეულმა რომ შეაბიჯა თავისი ფუმფულა თათებით და აქნეული კუდით.
  -თავი ისე იგრძენი,როგორც საკუთარ სახლში აარონის კატავ... ღიმილით წარმოთქვა რაიანმა და კარი ზურგს უკან ფეხით მიხურა.

     აარონი ჩვეულებრივად დაიბადა. თუმცა  დედამისმა, სასწაულებრივად დაფეხმძიმებულმა 43 წლის მისის მერედიტ  პრესლიმ მშობიარობისას აყვირებული ქალების რეკორდი მოხსნა, რითაც  ადგილობრივმა გაზეთმა მას წლის ექოს ტიტული უბოძა. ამის გამო აარონს ბავშვობაში სირენას ეძახდნენ, ხანდახან მასწავლებლებიც კი.
    აარონს ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა. თუმცა, ბაღში შესულმა პირველივე დღეს გაითქვა სახელი. წებოთი მასწავლებლის თეთრ ქვედაბოლოზე მიეწება, თან ისე უხერხულად, რომ მისი პედაგოგისათვის შეუფერებელი შიშველი უკანალი დაინახა.( ეს სურათი მთელი ცხოვრების მანძილზე  თან სდევდა). მის გარშემო შემოკრებილ ბრბოს აარონმა შიშით შეხედა, მერე აქაოდა მე არაფერი ჩამიდენიაო, თავის გასამართლებლად დაიყვირა. „თავი დამანებეთ, ძალით კი არ მივწებებივარ მის ტომპსონს მისი ტრაკი რომ დამენახაო“ ეს პირველი უხამსი სიტყვა იყო, რომელიც აარონმა წარმოთქვა. მის ტომპსონი ამ ამბის მერე ბაღში აღარ ასწავლიდა.
   აარონს ჩვეულებრივი გარეგნობა ჰქონდა. სიმაღლე- 1.80,  წონა -76, თმა- ღია ყავისფერი, თვალები-თაფლისფერი, ცხვირი-პატარა და სწორი. საერთოდ ნორმალურზე სიმპათიურად თვლიდნენ, მაგრამ მაინცდამაინც არავინ იხიბლებოდა მისით, ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის თავისი ასაკისთვის შეუფერებელი ირონიითა და ხშირ შემთხვევაში სარკაზმით უყურებდა გარშემომყოფებს, არც თვითონ იყო სრულყოფილი, მაგრამ აარონს  არასდროს ადარდებდა სხვა რას იტყოდა, ამიტომაც სულ ეგონა, რომ მის მწარე ნათქვამს გულთან არავინ მიიტანდა, თუმცა ვის უყვარს თავისი ნაკლების გამომზეურება? ამიტომ  მისი სარკაზმი იშვიათად იმსახურებდა მოწონებას.

No comments:

Post a Comment