Wednesday, February 8, 2012

ერიკ ემანუელ შმიდტი (4)


ძვირფასო ღმერთო,ესეც ასე, ცოლიანი კაცი ვარ. დღეს 21 დეკემბერია, ცოტაც და 30-ის გავხდები, დაოჯახება კი მოვასწარი; რაც შეეხება ბავშვებს, მე და პეგიმ ჯერ  მოცდა ვამჯობინეთ. იცი, ვფიქრობ, რომ ჩემი მეუღლე ჯერ-ჯერობით ამისთვის მზად არ არის. 
ყველაფერი წუხელ მოხდა. 
დაახლოებით ღამის პირველ საათზე პეგის კვნესა ჩამესმა. ლოგინზე წამოვჯექი. მოჩვენებები! – დამკრა თავში. ისინი პეგი ბლუს აწამებდნენ, მე კი დიდის ამბით შევპირდი, ღამე შენი კარიდან ფეხს არ მოვიცვლი მეთქი. იფიქრებს, რომ ყოვლად უვარგისი ვარ, ხმას აღარ გამცემს და მართალიც იქნება. 
ლოგინიდან წამოვდექი და იქით გავემართე, საიდანაც გულის გამგმირავი ყვირილი  ისმოდა. პეგის ოთახს გავუსწორდი. ლოგინზე იჯდა, ეტყობოდა ჩემი მოსვლა ძალიან გაუკვირდა. ალბათ, მეც დაბნეული სახე მქონდა, ასე მოულოდნელად პეგის წინ რომ აღმოვჩნდი, რომელიც პირმოკუმული მზერას არ მაცილებდა. ყვირილი კი არ წყდებოდა.
 გზა განვაგრძე და შემდეგ კარს მივადექი. უცებ ყველაფერი გასაგები გახდა. ბეკონი, დამწვრობებით შეწუხებული, საცოდავად იკლაკნებოდა ლოგინზე. წამიერად თავი დამნაშავედ ვიგრძენი.
ის დღე გამახსენდა, როცა სახლს, კატასა და ძაღლს ცეცხლი წავუკიდე და წითელი თევზებიც შიგ ამოიხრუკნენ; ალბათ, უფრო მოიხარშებოდნენ; ნათლად წარმოვიდგინე, რა დღე გადაიტანეს. თავი დავიმშვიდე: ჯობია, რომ ვერ გადარჩნენ, თორემ ბეკონივით საზარელი მოგონებებისა და დამწვრობისაგან დაიტანჯებოდნენ; გაუთავებელი გადანერგვები და მალამოები ამაო გარჯა იქნებოდა. ბეკონი ლოგინზე მოიკუნტა და კვნესა შეწყვიტა. მე პეგისთან დავბრუნდი. 
-გამოდის, რომ ეს შენ არ იყავი, პეგი? ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ღამე შენ ყვიროდი.
-მე კი შენ მეგონე.
მომხრადისა და ჩვენივე ნათქვამისგან გაოცებულებს გამორკვევა გვიჭირდა.აღმოჩნდა, რომ დიდი ხანია, ერთმანეთზე ვფიქრობდით. პეგი ბლუ კიდევ უფრო ცისფერი გახდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ძალიან დაიმორცხვა. _რას საქმიანობ ახლა, ოსკარ? 
-შენ, პეგი? 
შეიძლება ჭკუიდნ შეიშალო, იმდენი რამ გვაქვს საერთო. აზრები და კითხვებიც კი ერთნაირი მოგვდის თავში. 
-გინდა ჩემთან დაიძინო ? 
 რა არიან ეს გოგონები! პირდაპირ დაუჯერებელია! მე ამ ფრაზის ამოღერღვას საათები, დღეები, კვირეები, მეტიც – თვეები მოვუნდებოდი. პეგიმ კი, ვითომც არაფერი, ისე უბრალოდ წარმოთქვა, წარბიც არ შეუხრია. _
-კარგი.
 თავი პეგის ლოგინში ამოვყავი. ცოტა ვიწროდ კი ვიყავით, მაგრამ არაჩვეულებრივი ღამე გავატართ. პეგი ბლუ თხილის გულის სურნელებას აფრქვევდა. კანი ყველგან ისეთი რბილი აქვს, როგორც მე იღლიებს ქვემოთ. ბევრი გვეძინა და უამრავი სიზმარი ვნახეთ. ჩახუტებულებმა ერთმანეთს გული გადავუშალეთ და  განვლილი ცხოვრების შესახებ წვრილად მოვყევით. მართალია   დილით მთავარმა ექთანმა, ქალბატონმა გომეტმა ერთად რომ წაგვასწრო, უფასო ოპერა მოაწყო. დაიწყო ხავილი, ღამის მორიგე მედდამაც შეაშველა ხმა. ჯერ ერთმანეთს დასცხეს. შემდეგ კი ჩემთვისა და პეგისთვისაც მოიცალეს. აჯახუნეს კარები, დაიმოწმეს ვიღაცეები, სულ “უბედური უდღეურები,” გვეძახეს. ჩვენ კი ძალიან ბედნიერად ვგძნობდით თავს. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ დედა-როზამ ეს ღია კონცერტი დახურულად არ გამოაცხადა. _
-ბოლოს და ბოლოს, შეეშვებით თუ არა ამ ბავშვებს. ერთი მიპასუხეთ, თქვენ შინაგანაწესი უნდა დააკმაყოფილოთ თუ პაციენტები? პირადად მე ეს თქვენი შინაგანაწესი ერთ ადგილას მახატია; ახლა კი კრინტი არ გავიგო თქვენი. წადით, საჯდომი სხვაგან აცანცარეთ. შემთხვევით თავი ქუჩაში ხომ არ გგონიათ?!
როგორც ყოველთვის, დედა-როზას ვერავინ შეეპასუხა. ოთახში  გამომყვა და მეც ცოტა თვალი მოვატყუე. როცა გავიღვიძე, ვიბაასეთ. 
-გამოდის, რომ პეგისთან სერიოზული ამბავი გაგიჩაღებია? =
-უსერიოზულესი, დედა-როზა, და უბედნიერესი ადამიანი ვარ. წუხელ ვიქორწინეთ. _
-იქორწინეთ? _
-აბა რა! ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ახლადშეუღლებულ ქალსა და კაცს შეეფერება! 
-რას ამბობ! _
-თქვენ მე ვინ გგონივართ?! რომელი საათია? აჰა, უკვე 20 წელს გადავაბიჯე. როგორც საჭიროდ ვთვლი, ისე ვცხოვრობ. _
-რა თქმა უნდა. _
-თანაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ის, რაც ყრმობაში გულს მირევდა: კოცნა, ალერსი და ა.შ., საბოლოო ჯამში ძალიან მომეწონა; სასაცილოა პირდაპირ, როგორ იცვლება ადამიანი. _
-ვამაყობ შენით, ოსკარ. თვალსა და ხელს შორის დავაჟკაცდი. _
-მხოლოდ ერთი რამისგან შევიკავეთ თავი, ენების შეუხებლად ვკოცნიდით ერთმანეთს. პეგის დაფეხმძიმების შეეშინდა. თქვენ რას იტყვით? _
-ვფიქრობ, პეგი სწორად მოიქცა. _
-ჰოო? ტუჩებში კოცნისგან ბავშვები ჩნდებიან? მაშინ ჩინელი ჩემგან ორსულად უნდა იყოს. _
-დამშვიდდი ოსკარ. მაინც მგონია, რომ ამის სულ მცირე ალბათობა უნდა არსებობდეს. თითქმის უმნიშვნელო. 
დედა-როზა ნათქვამში დარწმუნებული ჩანდა. ამან ცოტა დამამშვიდა; იმიტომ, რომ მხოლოდ შენ შემიძლია გამოგიტყდე, ღმერთო, და სხვას არავის დედამიწის ზურგზე, რომ მე და პეგი კოცისას ერთმანეთს ენებით ერთი-ორჯერ, არა, ვტყუი, ბევრჯერ შევეხეთ
 ცოტა ხანს მეძინა. მერე მე და დედა-როზამ ერთად ვისადილეთ, რის შემდეგაც თავი უკეთ ვიგრძენი. _
-ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი დაქანცული ვიყავი ამ დილით. _ ბუნებრივია. 20-დან 25 წლამდე ღამეულ დროსტარებას არ ერიდები, ქეიფს ქეიფი მოსდევს, თავაწყვეტილ ცხოვრებას ეწევი, საკუთარ თავს არ ზოგავ. ამისთვის საზღაურის გადახდა მოგვიანებით გიწევს. ღმერთი ხომ არ გვენახა? 
-ოოო, უკვე გაიგეთ მისი მისამართი? _
-ვფიქრობ, ახლა სამრეკლოში უნდა იყოს .
დედა-როზამ ისე შემფუთა, გეგონებოდა, ჩრდილოეთის პოლუსზე ვაპირებდით გამგზავრებას. ხელში ამიყვანა და სამრეკლოს მივაშურეთ, საავადმყოფოს პარკის სიღრმეში, გაყინულ გაზონებს მიღმა რომ დგას. თუმცა, რაღას გიხსნი საკუთარ ადგილ-სამყოფელს. 
შენი ქანდაკება რომ დავინახე, თავზარი დამეცა; ეს რა დღეში იყავი; თითქმის შიშველი, ჯვარცმული, ჭრლობებით დასერილი სხეულით, ეკლის გვირგვინიდან სისხლი იღვენთებოდა. თავი კისერზე არ გიჩერდებოდა. შენს ადგილას საკუთარი თავი წარმოვიდგინე. ამბოხის გრძნობა დამეუფლა. შენსავით ღმერთი რომ ვიყო, თავს ასე არავის დავუხრიდი. _
-დედა-როზა,მეტი სერიოზულობა გმართებთ! თქვენ, კეტჩისტს, უძლეველ ჩემპიონს, ნუთუ მართლა გჯერათ ამ უსუსური ქანდაკების? 
- რატომაც არა, ოსკარ? ნუთუ მეტ ნდობას გამოუცხადებდი, მის ადგილას დაბერილ-დაგრეხილ კუნთებიანი კულტურისტი რომ დაგხვედროდა, შეზეთილი სხეულით, მინი-ტრიკოში გამოწკეპილი, თვალში საცემი გამობურცული ინსტრუმენტით… 
- იცით… 
- იფიქრე ოსკარ! ვისთან გრძნობ მეტ სიახლოვეს – ღმერთთან, რომელიც ვერაფერს გრძნობს, თუ ღმერთთან, რომელიც იტანჯება? 
- ბუნებრივია, იმასთან, რომელიც იტანჯება; მაგრამ მის ადგილას რომ ვიყო… ღმერთი რომ ვიყო… მასსავით ამდენი შესაძლებლობა რომ მქონდეს, ტანჯვას როგორმე ავიცილებდი. _
-ვერავინ გაექცევა ტანჯვას. ვერც ღმერთი და ვერც შენ. ვერც შენი მშობლები და ვერც მე. _
-კეთილი, გეთანხმებით, მაგრამ ტანჯვა აუცილებელია? _
-აი, საკითხავიც ეს არის. ტანჯვაც არის და ტანჯვაც. უკეთ შეხედე მის სახეს, დააკვირდი. განა ტანჯული იერი აქვს? _
-არა, რა უცნაურია. ვერ იფიქრებ, რომ ტკივილებისგან იტანჯება. _
-ესეც ასე. ორი სახის ტანჯვა უნდა განასხვავო ერთმანეთისგან, ჩემო პატარა ოსკარ. ფიზიკური და სულიერი ტანჯვა ერთმანეთში არ უნდა აურიო. ფიზიკურს იტან, სულიერს კი თავად ირჩევ. 
- არ მესმის. _
-წარმოიდგინე, მაჯებსა და ფეხებში ლურსმნები გაგირჭვეს. შენ ისღა დაგრჩენია, რომ ტკივილი აიტანო. სამაგიეროდ, სიკვდილზე ფიქრისას არაფერი გტკივა. შენ არც კი იცი, რა არის ეს. მისი გააზრება კი მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. 
- თქვენ თუ იცნობთ ადამიანებს, სიკვდილზე ფიქრი სიამოვნებას რომ განაცდევინებთ? 
- როგორ არ ვიცნობ. დედაჩემი იყო ასეთი; სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვულს ღიმილი არ გაჰქრობია სახიდან. თითქოს საყვარელი კერძის მოლოდინში იყო. მოუთმენლად ელოდა, რა გადახდებოდა თავს უახლოეს მომავალში. .............არგუმენტირების უნარმა მიღალატა. მაინტერესებდა, როგორ გაგრძელდებოდა ეს ამბავი, მაგრამ დროებით დუმილი ვარჩიე და მოსმენილზე ვფიქრობდი. 
- მაგრამ ადამიანები ყოველგვარ ცნობისმოყვარეობას არიან მოკლებულნი. ჩაებღაუჭებიან ხოლმე იმას, რაც აქვთ. ზუსტად ისევე, როგორც მელოტის ყურში ჩამძვრალი ტილი. აი, თუნდაც პლუმ პუდინგი, ჩემი ირლანდიელი მეტოქე, 150 კილოს რომ იწონიდა უზმოზზე საცვლების ამარა, სანამ გინესში შეიტანდნენ. სულ ერთიდაიგივე ეკერა პირზე: ”უკაცრავად, მაგრამ მე არასდროს მოვკვდები. არ გეთანხმებით, სიკვდილის ხელშეკრულებისთვის მე ხელი არ მომიწერია!” პლუმ პუდინგი ცდებოდა. არავის უთქვამს მისთვის, ცხოვრება მარადიულია და დასალიერი არ გააჩნიაო ,თავისას არ იშლიდა, უკვდავების ჯიუტად სჯეროდა, გაცოფებული ერთი წამითაც კი არ უშვებდა გარდაცვალების აზრს. ამან ჭკუიდან შეშალა. მერე დეპრესიაში ჩავარდა; საშინლად გახდა, ხელობასაც თავი მიანება; 35 კილოს იწონიდა; თევზის ფხას დაემსგავსა და ბოლოს ნამცეც-ნამცეც დაიმსხვრა. ხომ ხედავ, მაინც მოკვდა, როგორც ყველა. სიკვდილზე ფიქრმა კი სიცოცხლე ჩაუშხამა. 
- ჩერჩეტი იყო პლუმ პუდინგი, დედა-როზა. _
-გოგრა ხომ გინახავს, ჭკუა რომ არ მოეკითხება?! ჰოდა, რამდენი ასეთი გოგრა დაგორავს ამ ქვეყნად! 
 დედა-როზას თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. თითქმის ვიზიარებდი მის აზრს. 
-დამიანებს სიკვდილის იმიტომ ეშინიათ, რომ შეუცნობელი აფრთხობთ. სინამდვილეში რას წარმოადგენს ეს შეუცნობელი? ოსკარ, გირჩევ შიშს ზურგი შეაქციო და ნდობით განიმსჭვალო. დააკვირდი ჯვარცმული ღმერთის სახეს. ის ფიზიკურ ტკივილებს განიცდის და არა მორალურს, რადგან იესო ნდობითაა ავსილი. ამიტომაც ლურსმნები მას ნაკლებ ტკივილს აყენებს. იგი თავს შთააგონებს: “მტკივა, მაგრამ ეს არ შეიძლება ტკივილი იყოს.” მორჩა და გათავდა. აი, სწორედ ამაში გამოიხატება რწმენის სიდიადე. შევეცადე, ეს მეჩვენებინა შენთვის. 
-კეთილი დედა-როზა,როცა შიში  მძლევს, თავს ძალას დავატან და ვიწამებ
დედა-როზა გადამეხვია. ბოლოს და ბოლოს, მშვენივრად ვგრძნობდი თავს შენთან ერთად, ღმერთო, ამ უკაცრიელ, სიმშვიდის მომგვრელ ეკლესიაში. ოთახში დაბრუნებულს დიდხანს მეძინა. ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად მერევა ძილი. ერთგვარი ძილ-ქუში დამჩემდა. თვალი გავახილე თუ არა, დედა-როზას ვუთხარი; 
-მართალი რომ გითხრათ, შეუცნობელის არ მეშინია. მხოლოდ ცოტა გული მეთანაღრება იმის დაკარგვაზე, რასაც უკვე ვიცნობ.
-მეც ზუსტად შენსავით ვარ, ოსკარ. პეგი ბლუსთვის  ჩვენთან ერთად ჩაის დალევა რომ შეგვეთავაზებინა?
 პეგი ბლუ ჩაიზე დაგვეწვია. უმალ გამონახა საერთო ენა დედა-როზასთან და ბევრიც ვიხარხარეთ, როცა დედა-როზამ ტყუპ დებ ჟიკლეტებთან გამრთული ორთაბრძოლები გაიხსენა. სამი ტყუპი და ერთ კეტჩისტად ასაღებდა თავს. ყოველი რაუნდის ბოლოს ჟიკლეტი მეტოქეს ხტუნაობით სიქას რომ გააცლიდა, გადმოხტებოდა რინგიდან და საპირფარეშოში გარბოდა, მეფსიაო. მერე პაექრობას თვითონ კი არ განაგრძობდა, არამედ სრულ ფორმაში მყოფი მისი ტყუპისცალი. ასე გრძელდებოდა საბოლოო გამარჯვებამდე. ყველას ეგონა, რომ მხოლოდ ერთი ჟიკლეტი არსებობდა, ერთადერთი დაუღალავი ხტუნია. დედა-როზამ იყნოსა, სად იყო ძაღლის თავი დამარხული. რეზერვისტი ტყუპისცალები საპირფარეშოში გამოკეტა, გასაღებს კი ფანჯარაში გადაუძახა. მიუბრუნდა რინგზე დარჩენილს და ორ წამში წირვა გამოუყვანა; მზაკვრული სპორტი კია ეს კეტჩი
 მოგვიანებით დედა-როზამ დაგვტოვა. მედდები თვალს არ გვაცილებდნენ, თითქოს ორი ასაფეთქებლად მომზადებული ყუმბარა ვიყავით; ეშმაკმაც დალახვროს! ოცდაათი წელი უკვე არ შემისრულდა თუ რა? პეგი ბლუმ დაიფიცა: ამ საღამოს, როგორც კი საშუალება მომეცემა, შენთან გავჩნდებიო. სამაგიეროდ მეც აღვუთქვი, ენის ენაზე გასმისაგან თავს შევიკავებ-მეთქი. რაც მართალია, მართალია, ბავშვების ჩასახვაზე ადვილი არაფერია. მთავარია, დრო გქონდეს მათ გასაზრდელად. .......სულ ეს იყო, ღმერთო. უკვე აღარ ვიცი, რა გთხოვო ამ საღამოს, ისედაც მშვენიერი დღე იყო. როგორ არა, ერთი რამ მაინც მაქვს . იქნებ შესძლო, რომ ხვალ პეგი ბლუს ოპერაციამ მშვიდობით ჩაიაროს. ისე არა, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა. იქნებ, იქნებ… თუ ხვდები რისი თქმაც მსურს.


ხვალამდე.გკოცნი, ოსკარი


P.S. ოპერაციები სულიერების სფეროს არ განეკუთვნება; სრულიად დასაშვებია, რომ ეს შენს შესაძლებლობებს აღემატება. მაშინ ისე მოახერხე, რომ პეგიმ ოპერაციის შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში უმტკივნეულოდ აღიქვას. შენი იმედი მაქვს.
                                                                                                                                    Takome

4 comments:

  1. ასეთი ნელი ტემპი ვეღარ მოვითბინე და მთლიანად წავიკითხე:)) ცნობისმოყვარეობამ მსძლია:S

    ReplyDelete
  2. ძააან მაგარია<3..რაღაც სევდა მომგვარა.

    ReplyDelete